ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

314. მეფემან და დედოფალმან: მიმიყვანეს შვილად მათად჻ საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა: ლაშქართა და ქუეყანათად჻ ბრძენთა მიმცეს სასწავლელად: ჴელმწიფეთა ქცევა ქნათად჻ მოვიწიფე დავემზგავსე: მზესა თვალად ლომსა ნაკუთად჻

315. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა: ჩემგან ამბობა ცილისა჻ ხუთისა წლისა შევიქენ: მსგავსი ვარდისა შლილისა჻ ჭირად არ მიჩნდის ლომისა: მოკლვა მართ ვითა სირისა჻ არა გაოდის ფარსადანს: მისი არა სმა შვილისა჻

316. ასმათ შენცა ხარ მოწამე: ჩემისა ფერ მიჴდილისა჻ მზესა მე ვსჯობდი შვენებით: ვით ბინდსა ჟამი დილისა჻ იტყოდეს ჩემი მნახავნი: მზგავსია ედემს ზრდილისა჻ აწ მაშინდლისა ჩემისა: სახე ვარ ოდენ ჩრდილისა჻

317. მე ხუთისა წლისა ვიყავ: დაორსულდა დედოფალი჻ ესე რა თქვა ყმამან სულთქმნა: ცრემლით ბრძანა შობა ქალი჻ დაბნედასა მიეწურა: ასმათ ასხა გულსა წყალი჻ თქვა მაშინვე მზესა გვანდა: აწ მედების ვისგან ალი჻

318. ქება არ ითქმის ენითა: აწ ჩემგან ნაუბარითა჻ ფარსადან შექმნა ხარებად: ზეიმითა და ზარითა჻ ყოვლგნით მოვიდეს მეფენი: ნიჭითა მრავალ გვარითა჻ საჭურჭლე გასცეს აივსნეს: ლაშქარნი საბოძვარითა჻

319. საშობელი გაიყარა: ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა჻ მართ მაშინვე გვანდა იგი: მზისა შუქთა ნასამალსა჻ უყვარდით და სწორად უჩნდით: მეფესა და დედოფალსა჻ აწ ვახსენებ ვისგან ჩემი: დაუდაგავს გული ალსა჻

320. ყმა დაბნდა რა სახელისა: ჴსენებასა მიეწურა჻ ავთანდილსცა აეტირა: მისმან ცეცხლმან გულსა მურა჻ ქალმან სულად მოაქცია: მკერდსა წყალი მოაპკურა჻ თქვა ისმენდი მაგრა ჩემი: სიკუდილისა დღე დასტურა჻

321. მას ქალსა ნესტან დარეჯან: იყო სახელად ჴმობილი჻ შვიდისა წლისა შეიქნა: ქალი წყნარი და ცნობილი჻ მთვარისა მგზავსი მზისაგან: შვენებით ვერ შეფრობილი჻ მისსა ვით გასძლებს გაყრასა: გული ალმასად წდობილი჻

322. იგი ასრე მოიწიფა: მე შემეძლო შესლვა ომსა჻ მეფე ქალსა ვით ხედვიდა: მეფობისა ქნისა მწთომსა჻ მამასავე ჴელთა მიმცეს: რა შევიქენ ამა ზომსა჻ ვბურთობდი და ვნადირობდი: ვით კატასა ვხოცდი ლომსა჻

323. მეფემან სახლი ააგო: შიგან სამყოფი ქალისა჻ ქვად ფაზარი სხდა დათლილი: იაგუნდისა ლალისა჻ პირსა ბაღჩა და საბანლად: სარაჯი ვარდის წყალისა჻ იგი მუნ იყვის მედების: ვისგან სახმილი ალისა჻

324. დღე და ღამე მუჯამრითა: ეკმევოდის ალვა თლილი჻ ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას: ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი჻ დავარ იყო და მეფისა: ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი჻ მას სიბრძნისა სასწავლებლად: თვით მეფემან მისცა შვილი჻

325. სრა ედგა მოფარდაგული: ოქსინოთა და შარდითა჻ ვერვინ ვხედევდით შეიქნა: პირითა მინა ვარდითა჻ ასმათ და ორნი მონანი: ჰყუიან იმღერდის ნარდითა჻ მუნ იზრდებოდის ტანითა: გაბაონს განაზარდითა჻

326. თხუთმეტისა წლისა ვიყავ: მეფე მზრდიდა ვითა შვილსა჻ დღისით ვიყვი მას წინაშე: გამიშვებდის არცა ძილსა჻ ძალად ლომსა თვალად მზესა: ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა჻ სროლასა და ასპარეზსა: აქებდიან ჩემგან ქნილსა჻

327. მოსრნის მხეცნი და ნადირნი: ისარმან ჩემგა რეულმან჻ მერმე ვიბურთი მოედანს: მინდორით შემოქცეულმან჻ შევიდი შევქმნი ნადიმი: ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან჻ აწ საწუთროსა გამყარა: პირმან ბროლ ბალახშეულმან჻

328. მამა მამიკვდა მოვიდა: დღე სიკუდილისა მისისა჻ ქნა გაუცუდდა ფარსადანს: ნიშატისა და ნიშისა჻ მათ გაეხარნეს ვის ზარი: დალევდა მტრისა შიშისა჻ ერთგულთა შექნეს ვაება: მტერთა ხსენება იშისა჻

329. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე: საწუთრო გაცუდებული჻ დღისით და ღამით ვაებდი: ვერვისგან სულ დაღებული჻ გაყუანად ხასნი მოვიდეს: მითხრეს მეფისა მცნებული჻ ებრძანა შვილო ტარიელ: ნუ ხარ შავითა ღებული჻

330. ჩვენ უფრო გუტკივის იგი ვინ: დაგვაკლდა სწორად თავისა჻ ასი ებოძა საჭურჭლე: ებრძანა ახდა შავისა჻ ბოძება მისეულისა: სრულისა საკარგავისა჻ შენ გქონდეს ამილბარობა: ქნა მისვე საურავისა჻

331. ავენთი დამწვეს მამისა: სახმილთა დაუშრტელთა჻ უკანით გამომიყვანეს: ხასთა მათ წინამდგომელთა჻ გამოსლვისათვის ზეიმი: შექნეს ინდოეთს მფლობელთა჻ შორს მამეგებნეს მაკოცეს: პატივით ვითა მშობელთა჻

332. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს: პატივი მცეს ძისა დარად჻ მის ჴელისა საურავი: მათ ორთავე მითხრეს წყნარად჻ ურჩ ვექმენ და მისეულთა: წესთა ქცევა მიჩნდა ზარად჻ არ მამეშუნეს დავმორჩილდი: თაყუანის ვეს ამილბარად჻

333. აღარა ვიცი დამვიწყდეს: თუცა დიადი წელია჻ გიამბო ჩემი ამბავი,: განა რაზომცა ძნელია჻ ცრუ და მუხთალი სოფელი: მიწყივ ავისა მქნელია჻ მისთა ნაკუეთთა წინწალი: დამეცეს ხანგრძლად მწველია჻