... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

392. ვაზირმან გლახ გამოჰრიდნა მართ ვეღარას ვერ იწრწინვებს გამოძრწა და გამომელდა გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეის ხასობს გაის ქუშობს ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს რომე კაცი თავსა ივნებს

393. თქვა ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა სხვა რა კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს ჩემნი დღენი მასმცა ადგან რაძი ვითა გაისვენოს

394. ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო აწ თქვენგან გავხასდი მე მაშა ვითა ვა კარგი თავი უებრო დავკარგე დავაშავითა

395. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს მიკვირს რად სცალს წყლიანობად რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცეს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

396. ვით გამჴადა რა მიბრძანა არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე რა შლუობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკვირს რად არ მამკლა მისცა თურე ღმერთმან თმობა

397. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს ჭირი არ გამცუდებია

398. ყმამან უთხრა შენთვის წყრომა მემცა განა დამიმძიმდა მაგრა ქრთამი რადღა გმართებს გაიცინნა გაცაღიმდა შენ ადამი გაგიმეშდა ართუ მეში გიადიმდა რა აქიმი დასნეულდეს ვისთვის ვინმცა გააქიმდა

399. მოახსენა კვლა ვაზირმან მე რა გინდა წამეკიდოს მოიწყრომებს შეცამინდობს უთუ გული გაიწმინდოს შენ რასა იქ ესე მოთხარ ემი ჭმუნვა გაიდიდოს ხამსცა კაცმან სასიკვდინოდ თავსა არა არ დარიდოს

400. ყმამან უთხრა აღარ წასლვა არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოკვდეს ოდეს ვარდმან იდამჭკნაროს ხამს უძებნოს ცვარი წყლისა მისთვის თავი ყოვლგან აროს ვერ უპოვოს რა ქნას ანუ გული რათა დაიწყნაროს

401. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა

402. მოვახსენებ ერთხელ კვლაცა აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი რა იმედი გარდმიწყდების მე თუ მოვჰკვდე ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების

403. მოიუბნეს ვაზირმან ქნა ჭამასმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღვენი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი მისნი მყოლნი ავეავსნა მოყმენი თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

404. შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრაატლასი უხვმან ნიადაგ მიუმცდარომან სამოცი თვალი ლალიაგუნდი ფერად არ მათმან საუარომან კაცი გაგზავნა ვაზირისასა ესე ყველაი მისთვის არო მან

405. შესთუალა თუ რაცა გმართებს ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდასახდლად რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვკვდე თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა შეგიცალო შეგიწონო

406. მე ვითა ვთქვა უებრობა სიკეთე და ქება მისი კაცი იყო საქმისაცა შესაფერი შესატყვისი ასრე უნდა მოხმარება ჰგავიდოდეს ვისცა ვისი ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი

შერმადინის საუბარი ავთანდილთანა ოდეს გაიპარა

407. შერმადინს ეტყვის უბრძანებს პირმზე ნათელთა მფენელი ესე დღე არის იმედი ჩემის გულისა მლხენელი შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი

408. იტყვის როსტან არ გამიშვა არცა სიტყვა მომისმინა მან არ იცის რათა ვინა და სულდგმული ვისგან ვინა უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე ნუცა შინა რაც ა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა

409. თუცა მისი არ გაწირვა ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს გული მისი უნახავი ტირს და სულთქვამს ვაებს უშობს ლხინსა არას არ იახლებს ჰკრთების კუშტობს ვახშობს უშობს

410. ოდეს ბრძენმან გაიგონოს გონებითა მთით და გორით მიჯნური და სამიჯნურო ერთმანერთსა შევასწორით ერთად ვთქვენით გაუყრელად მათი არა გავაორით მოყვარესა მოყვრისაგან მოგონება უნდა შორით