... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

372. კვლავ პირმზე ეტყვის ვაზირსა მე სიტყვა შევამცირეო წა ესე ჰკადრე მეფესა შევინვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო

373. ვაზირმან უთხრა სიცილით ქრთამი შენ გქონდეს შენია შენგან კმა ჩემად წყალობად რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვჰკადრებ მეფესა რაცა აწ თქვენგან მსმენია ვიცი უცილოდ ამავსებს შოება არ საწყენია

374. თავმან მისმან მუნვე მამკლავს ვეჭვ წამიცა არ წამაროს შენი ოქრო შენვე დაგრჩეს მე გლახ მიწა მესამაროს მომკალ კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს არ ითქმის და ვერცა ვიტყვი რა გინდა ვინ მისაგმაროს

375. გზა არ წავა თავსა წინა სიცოცხლე გლახ ვით გათნიო ამიკლებს და ანუ მომკლავს ეგე სიტყვა ვითა სთქვიო რად არ მუნვე გაიგონე რად ხარ შმაგი ეგეთიო სჯობს სიკვდილი აკლებასა ამას თავსა აწვე ვსწვრთიო

376. თუ მეფეცა გაგიშვებდეს თვით ლაშქარნი რად მოღორდენ რად გაგიშვან რად დაღორდენ ანუ მზესა რად მოშორდენ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქნების ვითა ჩიტნი არ გაქორდენ

377. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა ხამს თუ დანა გულსა ვიცი ჰე ვაზირო შეგეტყობის სიყვარული არ თურ იცი ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი თუ გინახავს უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი

378. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი მზესა რამცა დააბრუნვებს აწ უშველოთ გვიჯობს იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს ჩემი ჩემებრ არვინ იცის რა მამწარებს რა მატკბუნვებს ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს

379. მეფე ანუ მისნი სპანი ნეტარ ხელსა რასა მხდიან აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვეტლად ცრემლი მდიან სჯობს წავიდე არ გავტეხნე კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან უნახავნი კაცსა ვისმცა გარდუხდიან

380. აწ ვაზირო მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს რკინა ჩემი მონაცვალე ხამს გაცვილდეს არ გატინდეს ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა ჯეიჰუნიც თვალთა მდინდეს მომეხმარე ნუ თუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს

381. არ გამიშვებს გავიპარვი წავალ მათგან შეუგებლად ვითა მნუკევს ეგრე დავრთო გული ცეცხლსა მოსადებლად ვიცი ჩემთვის არას გიზამს თუ არ უნდი გასაძებლად თქვი რა გინდა წაგეკიდოს თავი დადევ საწამებლად

382. ვაზირმან თქვა შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა სოფელიცა გაქარდების ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა ზოგჯერ თქმითა დაშავდების ვიტყვი მოვჰკვდე არა მგამა ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების

383. რა ვაზირმან ესე უთხრა ადგა დარბაზს გაემართა მეფე დახვდა შეკაზმული პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა

384. მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი რად მოხვე შეჭირვებული მან ჰკადრა არა ვიციო მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მომკლათ რა გესმათ ამბავი გაკვირვებული

385. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მეტს და არცა დიდობს მეშინიან თუცა შიშსა მოციქული ვერ დარიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების მოაჯეობს არ წამკიდობს უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს

386. რაცა იცოდა ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა კვლა მოახსენა რამცა სცნა სიტყვითა ესოდენითა თუ რაგვარ მყოფი მინახავს თუ რაგვარ ცრემლთა დენითა მართალ ხართ თუმცა რისხვანი ჩემთვის იანასდენითა

387. რა მეფემან მოისმინა გაგულისდა გაავცნობდა ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა შემხედველთა შეაშთობდა შეუზახნა რასთვის შმაგობ მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია ავსამცა რას ადრე სცნობდა

388. ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ღადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს თუ არ მომკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვაზირად არად ვარგხარ არცა სხვად რად

389. ჴამსა კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დახედნეს ოდენ სიტყვა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს

390. კვლავ უბრძანა თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან თავსა მოგკვეთ არად უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი შაბაშ საქმე მისგან ქმნილი

391. დადრკა სკამნი შემოსტყორცნა ჰკრნა კედელსა შეალეწნა დააცდუნვა მაგრა მისთვის აალმასნა არ აძეწნა ვით მიანბე წასლვა მისი ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა