ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

194. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ-გაშვებული ხეზითა, ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა; დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

195. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ-სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

196. “რათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად, ანუ მომკლავს, ანუ მოვკლავ,” დაიმალვის მეტის-მეტად.

197. ავთანდილ იტყვის: “ ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი? რაცაღა არის, არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივყვები, რაზომც მოვლიდეს ზღუდენი, მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ-დასამრუდენი”.

198. დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

199. მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა; იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

200. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

201. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა; ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა, იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა, ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

202. სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა, ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა, მას ყმასა შეხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა; შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

203. ავთანდილს უკვირს: “ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?” გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა; შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა, შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

204. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა, ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლავ უფრორე დაიღრეჯდა.

205. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, “ნუ თუ მზეაო”, თქვა, “ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა, ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა – ვაცისა.

206. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა, თქვა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

207. “აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო, ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო”.

208. ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული, ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა კარ-განხმული; მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული, ეგონა, თუ, დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

209. ვერ იცნა, – სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა; ფიცხლა გაიქცა, მიმართა ზახილით კლდესა და ხესა. ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა, ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ-სახესა.

210. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა, ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე, მი და მო ძრწებოდა, ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა, ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

211. ეტყოდა: “სულე! რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი; უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი; მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი? სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”.

212. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა: “თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა; აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა; ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბვისა მბობასა”.

213. კვლავ ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა? მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა; შენ ერთხელ მეტყვი: “მითხარო”, მე ასჯერ გეტყვი: “ვერასა”; ვითა ტირილი სიცილსა, მიჯობს ვაგლახი მღერასა”.