ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

ამბვისა დასაწყისი პირველი

1. რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

2. ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა, ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3. თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ-დათხეული, ვთქვენი ქებანი ვისნი მე, არ ავად გამორჩეული. მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნაი რხეული, ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

4. თვალთა, მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა; აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხდომია ველთა რბენა. მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვად კმა არს, მისცეს სულთა ლხენა, სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.

5. ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია; ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი განმიქიქია! იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

სწავლისათვის მოშაირეთა

6. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი, კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი; გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

7. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა — მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, მართ აგრევე მელექსესა —ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა, რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.

8. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა, რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა, ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

9. მეორე ლექსი – ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა, არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა,- ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა: დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

10. არს მესამე ლექსი კარგი სანადიმოდ, სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათნეველად; ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად. მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

კარი მიჯნურობისა

11. რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაობდეს, მეომარი გულოვნობდეს; კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს, არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.

12. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი, ნურვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმას ჩემი ნაუბარი!

13. არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა, ჭირთა მალვა, თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, შორით ბნედა, შორით კდომა, შორით დაგვა, შორით ალვა, დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

14. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა. ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა, კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

15. მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა. სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა, ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა; ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

16. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.