ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

116. მოახსენა ყმამან: “მზეო, ვინ გიშერი აწამწამე, სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე? მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე, ვითა მონა, სამსახურად გაღანამცა წავე, წა-, მე!”

117. კვლაცა ჰკადრა: “აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა, მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა; მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა! ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად-ა”.

118. კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი; გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი, გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი, თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.

119. ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს; ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს; ყმა ეტყვის თუ: “შენთა მჭვრეტთა თავი ხელი, ა, სად აგეს! ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს”.

120. ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა; უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა. ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა, გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.

121. თქვა: “მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე, ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესადრე; მაშინ რაღა ვქმნა, ვერ ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესად-რე! ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადრე”.

122. საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების, ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების; რა მილულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების, შეკრთის, დიდი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების.

123. მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ, ცრემლსა, ვითა მარგალიტსა ჰყრის ვარდისა დასანაზოდ; რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ, ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

124. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია, შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია: ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია, აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია”.

125. “მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო, მორჩილ-ქმნილი გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო, ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო”.

126. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა, ებრძანა: “ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა, აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა, წა, მაგრამ მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!”

127. ყმა შევიდა, თაყვანის-სცა, მადლი რამე მოახსენა: “ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა?! აწ ნუთუმცა სიშორითა ღმერთმან ბნელი გამითენა, პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლავ მიჩვენა”.

128. მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი, სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი! ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი; როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.

129. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი, ოც დღე იარა, ღამეცა დღეზედა წართო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი, არ მისცილდების თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.

130. რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა; მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა; იგი პირ-მზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა, მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

131. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა, გარე კლდე იყო, გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა, ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა, გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

132. ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელდებული; თანა შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული; მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული, აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

133. უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან, ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან, მაგრამ არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან! მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

134. “მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა; ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა; ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა, აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა”.

135. “მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა, მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა, ქმარი არ მინდა უშენოდ, ხე მომხვდეს ედემს რგულისა”, მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.