ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

96. ქალმან ჰკადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე, მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა? რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?

97. “მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი, შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მისათხრობელი, გაგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი, ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

98. მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა; უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა! მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა, მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.

99. კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია, მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია, ვერცა თუ ნახეს მნახავი ღმრთისაგან დანაბადია, ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

100. მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით, მაგრამ ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით, მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით, ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით”.

101. მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო, ვნახე რამე ეშმაკისა სიცრუვე და სიბილწეო, ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო, გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

102. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა, მგოსანი და მოშაითი უხმეს, პოვეს, რაცა სადა; დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა, მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა!

103. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი. შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი; მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.

104. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა, ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა; უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა. ამაოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

105. ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან რცხვენოდა, მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა. იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა, მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

106. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი; შვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი.

107. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა; ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა. მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა; პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

108. ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების? მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების; აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების, თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების”.

109. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად; იტყვის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად, გიკვირს, მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად, მაგრამ გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

110. “გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა, ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა? მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა, შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოლახო ცა.

111. “აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია, მაგრამ შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია, ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია, შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

112. “ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად: პირველ ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად, მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად; წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად.

113. “შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე, რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე. გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე, მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

114. ერთსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი; ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი; ვერა ჰპოებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი, კოკობი და დაუფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.

115. “ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი, მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი, სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი, შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი”.