ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

332. “კაცი მოვიდა მეფისა: “სწადსო, ამბისა სმინება”. მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: “ქმნაცა სისხლისა დინება?” მე ვჰკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება”.

333. “დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქმ აბა!” ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბაშ, შაბა!”

334. “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

335. “ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ხალვად, შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

336. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: “ქალი ვინმე გიკითხავსო: “ინახვისმცა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი; ვარქვი: “საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

337. “ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; “შადი”-ვუთხარ,-“ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად”; გამოვე და საწოლს შეველ, მონა დადგა კარის მცველად. გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.

338. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანის-მცა; მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმც-ა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა? ვთქვი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!”

339. “ადგა, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი პირველი

340. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

341. “ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია: ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!

342. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მომხდომია, ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

343. მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე? მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველ

344. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”

345. ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები; ესე ჰკადრე: “რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.

346. ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს, ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს; ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; და-ცა-მვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

347. “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა; მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

348. ”ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა. ”ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.

349. ”ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი განმინათლა; დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შეველ დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდე