ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

155. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს; მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს, ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

156. “ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისცა დანერგვიდეს!” დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს; ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს, მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.

157. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები; რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

158. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა? განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!” იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა.

ავთანდილისაგან მის ყმის ძებნად წასლვა

159. ამ საქმესა მემოწმების მე დივანი ბრძნისა, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, და-ცა-ეზროს; ვის ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

160. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა, დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა, მაგრამ მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; თქვა: “თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა”.

161. ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა; მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიმართის დანასა; თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან აოთხმოცა და ან ასა, მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”

162. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა, გულსა უთხრის თუ: “დათმეო”, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა. მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.

163. მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად. უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქვის: “საყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად? შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

164. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არე არა; მაგრამ იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა, ამას შიგან წელიწადი ერთი სამ თვედ მიიყარა.

165. მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა; იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა, დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

166. მას მიხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა, გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა; მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

167. ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს; თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, არა იშობს; “ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს”,-კვლავ ამისთვის გულ-მოშიშობს,- “ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.

168. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად. თქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, მისი ვერა ვსცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?”

169. “თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიხვდეს ღაწვისა ბანანი, მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი!”

170. “უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული; მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე გამწარებული; მერმე მივიდე ცოცოხალი მე, სადმე სხვაგან რებული!” ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.

171. იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ? მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ! გულით ჩემით სიხარულნი აჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ? დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათ ოდეს დავიყუდენ”.

172. კვლავცა იტყვის: “დათმობა სჯობს”, და თავსავე ეუბნების: “დღეთა ადრე ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების”.

173. “ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრამ საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან; უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან, აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან?”