ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

234. “აწ, დაო, შენთა ხელითაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა; რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა; თვარ ვისმცა ექმნა გვარლითა შეკვრა თავისა მრთელისა!”

235. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი. ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი; ვინათგან ხარ აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

236. “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

237. “ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა, აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

238. “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო; რა მოვიდეს, შევეხვეწო; ნუ თუ ვით რა მოვაგვარო; ერთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო, თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

239. ქალსა ყმამან მოუსმინა, დამორჩილდა, დართო ნება. ამას ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება; მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება, უკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

240. ქალმან უთხრა: “ყმაო, ღმერთმან, მოგცა, ჟამად რაცა გინა, მაგრამ თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა; იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა; ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

241. ავთანდილ ქვაბსა დამალა ქალმან მალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდახდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა, ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

242. ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან, დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

243. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით სააზატები. მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მაზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები, სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

244. მან ქალმან ხელ-ყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა. ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქმნელისა; მიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა, ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

245. “რად დაბრუნდი?” მოახსენა, “მითხარ, რაცა წაგეკიდა!” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკი, და-.

246. “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე: არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე; მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე. დღეს ნუთუმცა უკუ ბრუნდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე”.

247. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად; მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად, მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად?

248. “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია? გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია; შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?”

249. უბრძანა: “დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა, მაგრამ არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა, ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

250. “ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა რაცა კაცი რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა! ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა? შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”.

251. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია; რათგან, ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესი, რაცა საქმე გამიცდია. არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია”.

252. ყმამან უთხრა: “რას მენუკრვ, არა ვიცი, გამიცხადე. კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე! ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.

253. ქალმან კვლავ ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრამ თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა; ფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ-სავნებლისა ვნებითა”.