ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

312. “აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი”, მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი; ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი. ჭმუნვით თქვეს: “მკლავნი ცუდ ქმნილან, ვა, გმირთა მემუქარენი!”

313. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა დარია: დაჯდა და მწარეთ სულთ-ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია, თქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

314. “დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა, დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა, რა სულად მოველ, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა; გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

315. “შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა. მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

316. “მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია; ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ-ღა ხარ, სიტყვა თქვია!” მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია; კვლავ დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

317. “სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან; მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან. სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

318. “აქიმნიცა იკვირვებდეს: “ესე სენი რაგვარია? სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია”. ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია, დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია”.

319. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი; მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი; ვთქვი, თუ: “ჰაი რაშიგან ვარ მე, სიცოცხლე გარდამხდარი!”. თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

320. “ვთქვი, თუ: “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!” მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.

321. “ზე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს: “წამოჯდაო”, დედოფალი გამორბოდა; მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა, იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

322. “იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია; მე მოვახსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია”. ცხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

323. “გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა. შინა მიველ, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; ვთქვი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა!”

324. “ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან; საწოლს-მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან, ვთქვი თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?”

325. “მონააო ასმათისი”-“რა იცისო”-ვარქვი,-“ჰკითხე.” შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე? მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

326. “მე გამიკვირდა, სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა, დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

327. “დღენი გამოხდეს, მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა; ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა, დარბაზს ვერ მიველ; მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა, მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

328. “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა; სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა, გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

329. “ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედენ, თუ თქვას, რა მინა. – “მონააო ასმათისი”, შემოყვანა ვუთხარ შინა. გულსა შინა დავუზრახე: “რა მპოვაო, ანუ ვინა?!”

330. “ასმათმან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად გავეც: “ჟამია, მართალ ხარ გაკვირვებასა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა”.

331. “გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულნი ინდონი მმონებებ; აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.