ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

274. ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების; მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრამ წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების, შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!”

275. “წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად; ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად. მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად. მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქს ალად, მურად”.

276. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული; ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული; რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული! კვლავ ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული."

277. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამს თუ, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს: ღმერთმან ერთი რით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს! შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს”.

278. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

279. ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა; ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ დაჰყარნა; ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, მერმე სულთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.

280. მოთქვამს: “ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო! ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!"

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ავთანდილთანა პირველი

281. ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა, საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა; იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ცრემლთა დენასა.

282. “ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.

283. “მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუზარავი; ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

284. “ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. თქვა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები” ; ბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები”.

285. “ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა. შესთვალა: “შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა”.

286. “ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შესთვალა: “ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან, რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან, აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან”.

287. “ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა. თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა. მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა; სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

288. “თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქვა: “ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!” ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

289. “ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა; ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა! მეფემან თქვა: “შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.

290. “მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად; მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

291. “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ესე რა თქვა, ყმამან სულთქვნა, ცრემლით ბრძანა: “შობა ქალი”. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი: თქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

292. “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა. საჭურჭლე გასცეს, აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.