ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

76. მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია; მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს მეტად გულ-მდუღარია, თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია; ერთხელ ესე თქვა: “ვა მეო!” სხვად არას მოუბარია.

77. თვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა, ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა; ცხენსა შეჯდა,-მონათამცა საუბარნი რად იყურნა!- სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.

78. მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად; მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად; ჰკრა ერთმანერთსა, დაცვივდეს თავსა ხელ – აუპყრობელად, ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად.

79. მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა, მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა; რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა, კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა.

80. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად; იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად; ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად; შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.

81. რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა. მასვე წამსა დაიკარგა,-არ უნახავს თვალსა ჩვენსა;- ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა. ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.

82. კვალი ძებნეს და უკვირდათ ვერ-პოვნა ნაკვალევისა, აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა; ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვთ წყლულთა ხვევისა. მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.

83. ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება, ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება, სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება; მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება”.

84. ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა; არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა; ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა; ზოგთა თქვეს თუ: “მართალია”, ზოგი “ღმერთო!” უზრახვიდა.

85. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი; მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი. ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი. გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

86. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა; ადგა და კარსა მივიდა, – ჰქონდა მზისაცა ცილობა; – მოლარე უხმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღვიძილობა?” მან მოახსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.

87. “ერთაი ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა; უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა”. თინათინ ბრძანა: “აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამით-ა, მიკითხოს, ჰკადრე, იყო-თქო აქა ერთისა წამითა”.

88. ხანი გამოხდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქმს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?” მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწეღა ფერ-ნამკრთალიო, დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”.

89. უბრძანა თუ: “წადი, უხმე, უმისობა ვით გავძლეო? მოახსენე, რად დაჰბრუნდი, შენ, მამისა სიცოცხლეო? მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო, გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო”.

90. თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა; უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა; მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება-ნებასა. უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?”

91. ქალმან ჰკადრა: “ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს! თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს, კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.

92. უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია, შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია, მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია, ვეჭვ, რა სცნა, შენცა ამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

93. “უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე; მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე. რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე; ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

94. “მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა; შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა, ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა, ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

95. “ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს, დამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს, ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს, სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”