ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

37. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა, რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა: “ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, ჩემსა ნუ ვინ ნუ დაჰმალავს საჭურჭლესა დადებულსა”.

38. უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია! ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!” მოიღეს; გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.

39. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა, რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა; რა დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

40. დღე ერთ გარდახდა; პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა; მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. “ნეტარ რა უმძიმს, რა სჭირსო?”, შექმნეს ამისი ცილობა.

41. თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია, ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია, თქვეს თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?”

42. თქვეს თუ: “მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა”. ავთანდილ თქვა: “სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას,-რაცა შეგვეცილა. ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?”

43. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა; წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

44. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო! მართალ ხარ, წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო; ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო, ყოლამცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო?”

45. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა, გაუკვირდა, ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა? “კარგა ჰქმენო”, დაუმადლა, წყალობანი უიმედნა; ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნ

46. “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძენებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცნონი ზნენია.”

47. “ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა, ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა, ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.

48. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა?”

49. კვლავ უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?” ყმამან ჰკადრა: “მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო”.

50. უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა!

51. “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო?-ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”

52. “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა, ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”

53. ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღე ვლიდეს!”

54. კვლა ბრძანა: “მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად; თორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად! -ერთაი შენი შერმადინ, არს მათად დასადარებლად,- ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად”.

55. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დაცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. გაყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით.

56. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.