... (H-742), XIX ს.

159. რა მონამან მოისმინა გაუკვირდა შეეზარა. თვალთათ ვითა მარგალიტი ცხელი ცრემლი გარდმოყარა. მოახსენა უშენომან გულმან რამცა გაიხარა. ვიცი რომე არ დასდგები მაგას გიშლი ამად არა.

160. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო ესე სიტყვა რად მიბრძანე. რაგვარა ვჰქმნა პატრონობა რამც გიფერე რამც გიგვანე. შენ მარტოსა გიგონებდე მემცა მიწა ვიაკვანე. სჯობს ორნივე გავიპარნეთ წამოგყვები წამიტანე.

161. ყმამან უთხრა მამისმინე მართლად გითხრობ არა ჭრელად. რა მიჯნური ველთა ჰრბოდეს მარტო უნდა გასაჭრელად. მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ უვაჭრელად. კაცი ცრუ და მოღალატე ჰხამს ლახვრისა დასაჭრელად.

162. ვისმცა უთხარ ხვაშიადი შენგან კიდე არვინ ვარგა. უშენოსა პატრონობა ვის მივანდო ვინ იქს კარგა. სანაპირო გაამაგრე მტერმან ახლოს ვერ იბარგა. კვლა ნუთუმცა შემოვიქცე ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

163. ფათერაკი სწორად მოჰკლავს ერთი იყოს თუნდა ასი. მარტოობა ვერას მიზამს მცავს თუ ცისა ძალთა დასი. აქათ სამ წელ არ მოვიდე მაშინ გმართებს გლოვა ფლასი. წიგნსა მოგცემ გმორჩილობდენ ვინცა იყოს ჩემი ხასი.

164. დასწერა თუ ჩემნო ყმანო დაზრდელნო და ზოგნო ზრდილნო. ერთგულნო და მისანდონო ამას ზედა გამოცდილნო. თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო ვითა ჩრდილნო. წიგნი ჩემი მოისმინეთ ყოვლნო ერთგან შემოყრილნო.

165. მიწაცა თქვენი ავთანდილ ისმინეთ გიწერთ მე რასა. თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა. ცოტასა ხანსა ვარჩივენ გაჭრა სმასა და მღერასა. პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

166. საქმე რა მიძს თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი. დავჰყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი. გემუდარები ამისთვის ვარ თქვენი შემამხვეწელი. მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

167. მე შერმადინ დამიგდია ჩემად კერძად პატრონობდეს. სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა ჰსცნობდეს. ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს ვარდსა ზვრიდეს არ აჭკნობდეს. შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს.

168. თქვენცა იცით გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასრე მორჩილობდით არის ვითამც ავთანდილი. ბუკსა იკრას აქნევინეთ ყოვლი საქმე ჩემგან ქნილი. მე თუ დრომდის არ მოვიდე გლოვა გმართებს არ სიცილი.

169. ესე წიგნი დაასრულა წყლიანმან და სიტყვა ნაზმა. წელთა ოქრო შემოირტყა საღარიბოდ შეეკაზმა. ჰბრძანა მინდორს შევჯდებიო ლაშქარიცა დაერაზმა. მასვე წამსა წამოვიდა შინა ხანი არა დაზმა.

170. ჰბრძანა წადით ყველაკაი აქა მომხრედ არვინ მინა. მონებიცა მოიშორვა თავი გაითავისწინა. მარტო გარე შემობრუნდა შამბი შიგან გაირბინა. მიწყივ მისად საგონებლად მისი მკულელი თინათინა.

171. იგი ველი გაირბინა ლაშქართაგან გაეკიდა. ვინცა ნახა სულიერმან ანუ ვინმცა გაეკიდა. ვის მახვილი ვერას ავნებს მისი მკლავი გაეკიდა. მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.

172. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს. იგი პირ მზე ვეღარ ჰპოვეს პირი მათი იფერმკრთალეს. მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს. ყოვლგან რბოდეს საძებარად ვინცა იყო უცხენმალეს.

173. ღმერთი ლომო შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დანერგვიდეს. დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს. ვეღარა ჰსცნეს მისი საქმე გაიარა აქათ კიდეს. მისნი სპანი გულნმოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.

174. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასი და დიდებულები. უჩვენა იგი უსტარი ანბავი მისი თქმულები. რა მოისმინეს ყველაი დარჩა გულ დანაწყლულები. თავსა იცემდეს არ იყო გული უცრემლო ულები.

175. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა. უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა. განაღამცა გმორჩილობდეთ თუ გვიბრძანო რაცა ვისცა. იგი მონა აპატრონეს ყველაკამან თაყვანის სცა.

წასვლა ავთანდილისა ძებნად ტარიელის

176. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი ეზროს. საბრალოა ოდეს ვარდი დაეთრთვილოს დაცაეზროს. ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს. იგი სადმე გაღარიბდეს სამყოფთაგან იაბეზროს.

177. ავთანდილ იგი მინდორი ოთხახმით გარდაიარა. დააგდო მზღვარი არაბთა სხვათ მზღვართა არე იარა. მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა. ჰსთქვა თუ მე მასმცა ვიახელ აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა.