... (H-742), XIX ს.

40. ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამისპასალარისა. საროსა მჯობი ნაზარდი მსგავსი მზისა და მთვარისა. ჯერ უწვერული სადარო ბროლ მინა საცნობარისა. მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა.

41. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად. რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად. ნახის ცეცხლი გაუახლდის წყლული გახდის უფრო წყლულად. საბრალოა სიყვარული კაცსა შეიქმს გულ მოკლულად.

42. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა. ავთანდილს მიხვდა სიამე ვსება სჭირს მისო ქალისა. თქვა ზედა ზედა მამხვდების ნახვა მის ბროლ ფიქალისა. ნუთუ ვით ვპოვო წამალი მე ჩემი ფერ გამქრალისა.

43. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან. თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე მისმან მშობელმან. მან განანათლნეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან. მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან შემამკობელმან.

44. მოვიდნენ სრულნი არაბნი ჯარი განმრავლდა ხასისა. ავთანდილ პირ მზე სპასპეტი ლაშქრისა ბევრ ათასისა. ვეზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასთა დასისა. მათ რომე დასდგეს საჯდომი თქვეს უთქმელია ფასისა.

45. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა. დასვა და თავსა გვირგვინი დადგა თავისა ხელითა. მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე მხედველითა.

46. უკუდგეს და თაყვანი სცეს მეფემან და მისთა სპათა. დალოცეს და მეფედ დასვეს ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა. ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა. ქალი ჰსტირს და ცრემლსა აფრქვევს ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა.

47. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა. ამად სტირს ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა. მეფე სწვრთის მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა. ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა.

48. უბრძანა ნუ სტირ ასულო ისმინე ჩემი თხრობილი. დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი. აქადგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი. ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა იყავ წყნარი და ცნობილი.

49. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების. დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების. უხვი ახსნილსა დააბამს იგი თვით ების ვინ ების. უხვად გასცემდი ზღვათაცა შესდის და გაედინების.

50. მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია. უხვსა მორჩილობს ყოველი იგინცა ვინ ორგულია. სმა ჭამა დიდად შესარგი დება რა სავარგულია. რასაცა გასცემ შენია რაც არა დაკარგულია.

51. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა. ყურსა უპყრობდა ისმენდა წვრთასა არ მოიწყინებდა. მეფე სმასა და მღერასა იქმს მეტად მოილხინებდა. თინათინ მზესა სწუნობდა მაგრა მზე თინათინებდა.

52. მოიხმო მისი გამზრდელი ერთგული ნაერთგულევი. უბრძანა ჩემი საჭურჭლე შენგან დანაბეჭდულევი. მომართვით ჩემი ყველაი ჩემი ნაუფლისწულევი. მოართვეს გასცა უზომო უანგარიშო ულევი.

53. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა. რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ჰბრძანა ვიქ საქმესა მამისაგან სწავლებულსა. ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა.

54. უბრძანა წადით გახსენით რაცა სად საჭურჭლენია. ამილახორო მოასხი რემა ცხენი და ჯოგნია. მოიღეს გასცა უზომო სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი მართ ვითა მეკობრენია.

55. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა ვითა ნათურქალსა. მას ტაიჭსა არაბულსა ქვე ნაბამსა ნასუქარსა. რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა ზეცით ნაბუქარსა. არ დაარჩენს ცარიელსა არ ყმასა და არცა ქალსა.

56. დღე ერთ გარდახდა პურობა სმა ჭამა იყო ლხილობა. ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა. მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექნეს ამისი ცილობა.

57. თავსა ჰზის პირ მზე ავთანდილ მჭვრეტთაგან მოსანდომია. სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია. ვეზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია. თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი ჰკრთომია.

58. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა. თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლე არა ქნილა. ავთანდილ ჰსთქვა სოგრატ ვჰკითხოთ გვითხრას რაცა შეგვეცილა. ვკადროთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა. თვითო აივსეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა. წინა მიუსხდეს მუხლ მოყრით პირითა მოცინარითა. ვეზირი ლაღობს ენითა წყლიანად მოუბნარითა.