... (H-742), XIX ს.

198. ავთანდილ მიჰსდგა ეუბნა მათ კაცთა გულ მდუღარეთა. მათ უთხრეს მათი ანბავი ტირილით მოუბარეთა. ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა. დიდი გვაქვს ციხე ქალაქი ხატაეთს არე მარეთა.

199. კარგი გვესმა სანადირო ნადირობას წამოვედით. გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი წყლისა პირსა გარდავხედით. სანადირო მოგვეწონა თთვესა ერთსა არ წავედით. ვჰხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

200. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით. მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით. მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო სიტყვანი ვავაქილენით. ვერ გავაჩინეთ მართალი ვისარჩლეთ ვითაკილენით.

201. დღეს ავყარენით ლაშქარნი სავსენი ირმის ტყავითა. ვთქვით გავაჩინოთ მართალი ვინ ვჰსჯობთ თავისა მკლავითა. თავსა ვახელებთ მარტონი დავჰსდგეთ თავისა თავითა. თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ ნუ ვესვრით დამნახავითა.

202. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია. ლაშქართა წასვლა უბრძანეთ მით არას მოაზრენია. მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია. დავხოცეთ მხეცნი ფრინველი რაც ზედა გარდაგვფრენია.

203. ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი პირ გამქუშავია. ზედა ჰსჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია. თავსა და ტანსა ემოსა; გარე თმა ვეფხის ტყავია. ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

204. უჭვრიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით. ვჰსთქვით თუ მზეაო ქვეყნად ნუ ვეუბნებით ცად ენით. მისი მოგვინდა შეპყრობა ვკადრეთ და შევეცადენით. ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისა დადენით.

205. მე უხუცესმან უმცროსსა კაცი დავსთხოვე ქენებით. ჩემმა შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით. ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა უალეთ ჩვენებით. მივმართეთ იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

206. ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა. იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა. არ აგვიხვნა არცა დაგვსხნა ყოლე არად ამოგვკრიფნა. მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა დაგვამწიფნა.

207. უმცროსსა ძმასა მივეცით უფროსსა დავეზიდენით. ხელი მოჰკიდა დადეგო ესეცა ჰკადრა კიდ ენით. მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო ჩვენ ამად დავერიდენით. თავსა გარდაჰკრა მათრახი ვნახეთ სისხლისა კი დენით.

208. მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა. ვითა მკვდარი უსულო ჰქმნა ვითა მიწა დაამიწა. მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა მოამიწა. თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი კუშტი ამაყი წა.

209. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად. აგერა მივა ნახეო იგი მზეებრ და მთვარებლად. შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად. ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

210. აჰა მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა. რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა. კაცსა მიჰხვდეს საწადელი რას ეძებდეს მისი პოვნა. მაშინ მისგან აღარა ჰხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

211. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა. მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა. აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა. ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა.

212. ვითა მე მივხვდი წადილსა ჩემის გულისა ნებასა. აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა. უჩვენა მისი სადგომი მიდითო იქს ნება ნებასა. ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი მიეცით მოსვენებასა.

213. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაჰქუსლა დეზითა. ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა. ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა. დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

214. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს. საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს. ჰხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს. არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს.

215. რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად. რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად. მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად. ანუ მამკლავ ანუ მოვკლავ დავიკარგეთ მეტის მეტად.

216. ავთანდილ იტყვის ეზომი ჭირნიმცა რად ვაცუდენი. რაცაღა არის არა არს თუმცა არ ედგნეს ბუდენი. სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი. მუნითგან ვსძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი.

217. წინა უკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი. დღისით და ღამით მაშვრალნი არ შეჭამადთა მჭამელნი. არსადა ხანი არ დაჰყვეს ერთნი თვალისა წამენი. მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა მინდორთა მოსალამენი.