ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

78. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს,ნადირთაგან სისხლი ისხეს. ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”.

79. იგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია. ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია. იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.

80. ერთმანერთსა თუ: “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს, ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს. მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს, უბრძანა: “თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არა გვთნებოდეს”.

81. მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით; მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით, აწემცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, — ვერათ ვერ მოგეხმარებით, — ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

82. “ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია: არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყოცია, თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია”.

83. მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა, აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსვლა დარდისა.

84. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა. ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა. ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა. თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

85. ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა, ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა. ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

86. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა, ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა, ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა; ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

87. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად, თავ-ჩამოგდებით მტირლისად, არ ჭვრეტით მოლიზღარისად, — მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად, — ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

88. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა, დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა; მოახსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა. იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.

89. მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი, მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი, უცხოდ რასმე ამოსკვნიდა გული ცეცხლთა ნადებარი, ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

90. სხვაგან ქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან! ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან. არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან, არცა გახლიჩა ბაგეთა თავი ვარდისა კონამან.

91. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა, როსტანს ჰკადრა: “შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა; თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა, ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და - “

92. მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე; გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე, უბრძანა: “ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე, მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე”.

93. მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია; მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ-მდუღარია, თვალნი მოარნა ყოველგნით, ნახა ლაშქართა ჯარია, ერთხელ ესე თქვა: “ვაი მეო”, სხვად არას მოუბარია.

94. თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა, ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა, ცხენსა შეჯდა, — მონათამცა საუბარნი რად იყურნა! — სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.

95. მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად. მან, იგინი, გლახ დახადნა მტერთაცა საწყალობელად: ჰკრნა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აუპყრობელად, ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.

96. მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა; მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა, რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა, კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა.