ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

59. თქვეს, თუ: “ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა”. ავთანდილ თქვა: “სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა შეგვეცილა? ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?”

60. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

61. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო. მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო, ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო; ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”

62. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა, გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?! “კარგი ჰქმენო, — დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა, — ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!

63. “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია.

64. “ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა; ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, — ვარ საწუთროსა თმობითა, — ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა მობურთლობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.

65. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთა გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?”

66. კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?” ყმამან ჰკადრა:”მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამასზეო”.

67. უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ფიცა მზე თინათინისი, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა,

68. “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე სპანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო? — ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”

69. — “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა. ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენ თანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”

70. ავთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!”

71. კვლა ბრძანა: „მონა თორმეტი შევსხათ ჩვენ თანა მარებლად, თორემტი ჩემად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად.— ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, — ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდეს უტყუვრად, მიუმცდარებლად.”

72. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დასცევით ჯოგი მრავალი, თავნი ამისთვის არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. გაყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამოდ გავიხარენით.

როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა

73. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ–ბადახშოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

74. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობად გამოვიდეს; მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს, ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

75. უბრძანეს: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!” დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

76. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ–მიუწვდომელი: ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხლტომელი. მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

77. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს. მიჰხოცდეს და მისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს, რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მიართმიდეს. მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.