ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

17. სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული; მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული, ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

18. მისი სახელი თინათინ,- არს ესე საცოდნარია! რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია. მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია, გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

19. უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა: რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა; მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ, ღამესა ჩვენ უმთვაროსა.

20. “მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია! ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

21. ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ბრძანე თქვენი ბერობა! ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა: მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა, მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა ჰკადრა მტერობა!”

22. “მაგას ნუ ბრძანებთ, მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია, თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია: ხამს განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია; სჯობს-და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია”.

23. “თუცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია; ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.

24. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა, საროსა მჯობი, ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა, ჯერ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა; მას თინათინის შვენება ჰკლევდის წამწამთა ჯარისა.

25. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოჰშორდის, ვერ მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად; ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად. საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

26. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მას აქ ალისა; თქვა: “ზედაზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემი, ფერ-გამქრქალისა!”

27. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: “თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან: მან გაანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან! მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!”

28. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა. ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა, ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა; მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: “უთქმელია ფასისა!”

29. თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა; მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. ქალი მზებრ უჭვრეტს ყოველთა ცნობითა ზე-მხედველითა

30. უკუდგეს და თაყვანი სცეს მეფემან და მისთა სპათა, დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ჰხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

31. მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა, ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა; მეფე სწვრთის: “მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა, ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”.

32. უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი. აქათგან ესე სამეფო შენი არს მართ მონდობილი, ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!”

33. “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების; უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების. უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების”.

34. “მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია; უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; სმა-ჭამა,-დიდად შესარგი, დება რა სავარგულია? რასაცა გასცემ-შენია, რას არა-დაკარგულია!”

35. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა; თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

36. მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”. მოართვეს; გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.