ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1498. რა ერთმანერთი აუჩნდა: მისაგებ მოსაგებავი჻ ავთანდილ ეტყჳს ტარიელს: სიტყუათა დანაზებავთა჻ აგერა ხედავთ მინდორთა: მტვერითა შენაღებავთა჻ ამად მედების სახმილი: გულსა ეცხება ებავთა჻

1499. ისია ჩემი გამზრდელი: და თქუენდა მოგებებულა჻ იქი ვერ მივალ მრცხვენიან: გულსა საჴმილი დებულა჻ ჩემად არაკად სულდგმული: კაცი არ გაწბილებულა჻ რასაცა მიზამთ თქუენ იცით: ფრიდონ თქუენადვე ხლებულა჻

1500. ტარიელ უთხრა კარგსა იქ: შენ პატრონისა კრძალვასა჻ აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა჻ მე მივალ უთხრობ მეფესა: შენგან თავისა მალვასა჻ ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო: მზესა მას ტანად ალვასა჻

1501. მუნ დადგა ლომი ავთანდილ: დაიდგა მცირე კარავი჻ ნესტან დარეჯან მუნვე დგას: იგია მჭვრეტთა მზარავი჻ მისთა წამწამთა ნიავი: ქრის ვითა ქარი არავი჻ წავიდა მეფე ინდოთა: მისრული მიუპარავი჻

1502. ტარიელცა თაყუანისცა: მივა კოცნად სასალამოდ჻ მეფე ყელსა აკოცებდა: მართ ბაგისა დასაამოდ჻ გაკვირვებით ეუბნების: არის მისგან სათამამოდ჻ შენ მზე ხარო შენი გაყრა: არის დღისა და საღამოდ჻

1503. გაეკვირვა მეფე მისსა: თვალადობა სიტურფესა჻ პირსა უჭვრეტს გაკვირვებით: უქებს მკლავთა სიალფესა჻ კვლავ ფრიდონცა უსალამა: თაყუანისცა მან მეფესა჻ მას მეფესა ავთანდილის: ნახვისათვის მოსწრაფესა჻

1504. მეფე ტარიას ქებასა: დაჰკრთების დაეღონების჻ ტარიელ ეტყჳს მეფეო: აწ გული შენ გემონების჻ მიკვირს თუ ეგრე სიკეთე: თქვენ ჩემი რად გეგონების჻ რადგან ავთანდილ შენია: სხვა რად ვინ მოგეწონების჻

1505. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა: და დაყოვნება ხანისა჻ მოდი და დავსხდეთ მეფეო: ამოა კორდი მწვანისა჻ გკადრო მიზეზი მისისა: თქუენს წინა ვერ მოტანისა჻ ვიაჯი რასმე მე მართებს: მოთხოვა აწ ფარმანისა჻

1506. დასხდეს მეფენი მოადგა: გარე სიმრავლე რაზმისა჻ ტარიელს პირსა ციმციმი: ათქს უნათლესი ბაზმისა჻ ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა: ყოფა ქცევისა და ზმისა჻ დაუწყო თხრობა მეფესა: სიტყჳსა ბრძნად ნაკაზმისა჻

1507. მეფეო თავი მემცრობის: მე მისად მოსახსენებლად჻ მაგრა მოსრული თქუენს წინა: ვარ შემამხვეწლად მქენებლად჻ თვით იგი იაჯს რომელი: ჩანს მზეებრ შუქთა მფენელად჻ ვინ არის ჩემად სინათლედ: და ჩემად გამათენებლად჻

1508. აწ ამას გკადრებთ ორნივე: ხვეწით და შემუდარებით჻ ავთანდილ დამდვა წამალი: მისგან თავისა დარებით჻ დავიწყდეს რომე პატიჟნი: სჭირდეს ჩვენთავე დარებით჻ არ გაწყენ გრძელი ამბავი: არს ჩვენგან მიუმჴუდარებით჻

1509. თქუენთა უყვარს ერთმანერთი: ქალი მას და იგი ქალსა჻ მით ვიგონებ საბრალოსა: მტირალსა და ფერ ნამკრთალსა჻ მუჴლ მოყრილი გიაჯები: ნუღარ აწვევ იმათ ალსა჻ რომე მისცე ქალი თქუენი: მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა჻

1510. ამის მეტსა არას გკადრებ: არ მოკლესა არცა გრძელსა჻ ამოიღო ჴელმანდილი: მოინასკვა ზედან ყელსა჻ ადგა მუჴლნი დაუყარნა: იაჯების ვითა მზრდელსა჻ გაუკჳრდა ყოვლსა კაცსა: მის ამბისა მამსმენელსა჻

1511. რა ტარიელ მუჴლ მოყრილი: ნახა მეფე შეუზარდა჻ შორს უკუდგა თაყუანისცა: ქუე მიწამდის დაუვარდა჻ მოახსენა ჴელმწიფეო: ლხინი ყოვლი გამიქარდა჻ თქუენმან აგრე სიმდაბლემან: ნახვა თქუენი ჩამადარდა჻

1512. ვით ეგების რაცა გწადდეს: რომე კაცი არ მოგთმინდეს჻ ანუ მშურდეს ქალი ჩემი: საკუდავად და ტყუედცა გინდეს჻ გებრძანამცა სახლით თქუენით: ცრემლი არცა მაშინ გდინდეს჻ სხვა მისებრი ვერა ჰპოოს: ცათამდისცა გაცაფრინდეს჻

1513. მე სიძესა ავთანდილის: უკეთესა ვჰპოებ ვერა჻ თვით მეფობა ქალსა ჩემსა: მივეც აქუს და მას ეფერა჻ ვარდი ახლად იფურჩნების: მე ყუავილი დამებერა჻ რამცა ვჰკადრე შეცილება: რასაც ოდენ იგი ჯერა჻

1514. თუ შეგერთო ერთი მონა: თქუენთვის არცა მაშინ მშურდა჻ ვინმცა გკადრა შეცილება: უშმაგომცა ვით მოგმდურდა჻ თუ ავთანდილ არ მიყუარდა: აგრე მისთვის რად მამსურდა჻ დია ღ~თო წინაშე ვარ: ესე ჩემგან დადასტურდა჻

1515. რა ტარიელ მეფისაგან: ესე სიტყუა მოისმინა჻ დადრკა მდაბლად ეთაყვანა: პირსა ზედან დაეფინა჻ კვლავ მეფემან თაყუანისცა: წამორევლო წადგა წინა჻ ერთმანერთი მოემადლეს: მათ ერთსაცა არ ეწყინა჻

1516. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის: მახარობლად გაექანა჻ ესდენ დიდი სიხარული: გაეხარნეს მასცა განა჻ წავიდა და წამოუძღვა: მოიყუანა მოჰყვა თანა჻ მაგრა ირცხვის მეფისაგან: შუქი ბნელად მოევანა჻

1517. მეფე ადგა მოეგება: ყმა გარდახდა რა მივიდა჻ ჴელთა ჰქონდა ჴელმანდილი: პირსა იმით იფარვიდა჻ მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა: ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა჻ მაგრა მისსა შვენებასა: რამცა ვითა დაჰფარვიდა჻