ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1402. ანაზდად ცხენი გაქუსლეს: მათრახმან შექნა წრიალი჻ რა ნახნეს კარნი გაახვნეს: ქალაქით გაჰჴდა ზრიალი჻ სამთავე სამგნით მიჰმართეს: თავსა მით უყუეს რიალი჻ იკრეს ნობსა და დაბდაბსა: შეიქნა ბუკთა ტკრციალი჻

1403. მაშინ ქაჯეთს მოიწია: უსაზომო რისხვა ღ~თისა჻ კრონოს წყრომით შემხედველმან: მოიშორვა სიტკბო მზისა჻ მათვე რისხვით გარდუბრუნდა: ბორბალი და სიმგრგვლე ცისა჻ ველნი მკვდართა ვერ იტევდა: გადიადდა ჯარი მკვდრისა჻

1404. კაცსა უკრავად დაბნედდის: ჴმა ტარიელის ჴაფისა჻ აბჯარსა ფრეწდის გაცუდდეს: სიმაგრე ჯავშან ქაფისა჻ სამგნითვე კართა შესჯარნეს: ჭირი არ ნახეს კაფისა჻ რა ქალაქს შეჰჴდეს შეიქნა: სიხარკე ციხეს სწრაფისა჻

1405. ავთანდილ და ლომი ფრიდონ: შიგნით ერთად შეიყარნეს჻ მტერნი სრულად აეწყვიტნეს: სისხლი მათნი მოეღვარნეს჻ უყივლეს და ერთმანერთი: ნახეს დიდად გაეხარნეს჻ თქვეს ტარიელ რა იქნაო: მისთვის ჭვრეტად თვალნი არნეს჻

1406. ერთმანცა არა იცოდა: ვერა ცნეს ტარიერისა჻ ციხესა კარსა მიჰმართეს: რიდი არ ჰქონდა მტერისა჻ მუნ ნახეს რიყე აბჯრისა: ნალეწი ჴმალთა წვერისა჻ ათი ათასი ნობათი: უსულო მსგავსი მტვერისა჻

1407. ციხისა მცველნი ყველაი: იდვა მართ ვითა სნეული჻ თავით ფერჴამდი დაჭრილი: აბჯარი მუნ დახეული჻ ციხისა კარნი განხმულნი: კართა ნალეწი სრეული჻ თქვეს ნაქმრად ტარიელისად: საქმე არს ეს მისეული჻

1408. გზანი დახუდეს შეკაზმულნი: ავიდეს და აძურეს ხვრელსა჻ ნახეს მზისა შესაყრელად: გამოეშვა მთვარე გველსა჻ მუზარადი მოეხადა: შვენის აკვრა თმასა ლელსა჻ მკერდი მკერდსა შეეწება: გარდაეჭდო ყელი ყელსა჻

1409. ეხვეოდეს ერთმანერთსა: აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს჻ ამას გვანდეს ოდეს ერთგან: მუშთარ ზუალ შეიყარნეს჻ მზე რა ვარდსა შემოადგეს: დაშვენდენ და შუქნი არნეს჻ აქანამდის ჭირ ნახულთა: ამას იქით გაიხარნეს჻

1410. მათ ერთმანერთსა აკოცეს: დგანან ყელ გარდაჭდობილნი჻ კვლავ შეეწებნეს ჴშირ ჴშირად: ვარდნი ბაგეთათ პობილნი჻ აწ ესენიცა გავიდეს: შეკრბეს სამივე ძმობილნი჻ მას მზესა მისცეს სალამი: წარდგეს მართ ვითა ხმობილნი჻

1411. მზე მოეგება პირითა: ტურფითა მოცინარითა჻ აკოცა მისთა მშველელთა: ლაღმან ცნობითა წყნარითა჻ მათ მდაბლად მადლი უბრძანა: სიტყვითა მით ნარნარითა჻ ორივე ერთგან უბნობდეს: ამოთა საუბარითა჻

1412. ტარიელსცა უსალამეს: მას ალვისა მორჩსა ვით ხეს჻ მიულოცეს გამარჯვება: ერთმანერთი მოკითხეს჻ არა სჭირდა არ ინანეს: რომ აბჯარი არ გაითხეს჻ თავნი მათნი გაალომეს: მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს჻

1413. სამასისა კაცისაგან: ასსამოცი შეჰყოლოდა჻ ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა: მაგრა ერთკერძ უხაროდა჻ მონახეს და არ აცოცხლეს: რაცა მბრძოლი დარჩომოდა჻ რომე ჰპოვნეს საჭურჭლენი: აწმცა თვალვით ვით ითქმოდა჻

1414. მოკრიფეს ჯორი აქლემი: რაცა ვით პოვეს მალები჻ სამიათასსა აჰკიდეს: მარგალიტი და თვალები჻ თვალი ყუელაი დათლილი: იაგუნდი და ლალები჻ იგი მზე შესვეს კუბოსა: არს მათგან განაკრძალები჻

1415. სამოცი კაცი დააგდეს: ქაჯეთს ციხისა მცველია჻ წამოიყვანეს იგი მზე: მათიღა წაგვრა ძნელია჻ ზღვათა ქალაქსა დამართეს: თუცა გზა მუნით გრძელია჻ თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა: გვაც მისი გარდუხდელია჻

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა჻

1416. ზღვათა მეფესა წინაშე: გაგზავნა მახარობელი჻ შესთვალა მოველ ტარიელ: მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი჻ ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე: ჩემი ლახვართა მსობელი჻ მწადიან გნახნე პატივით: ვითა მამა და მშობელი჻

1417. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა: და მათი დანადებია჻ მეფეო კარგი ყველაი: მე თქვენგან წამკიდებია჻ ფატმანს უჴსნია ჩემი მზე: დედებია და სდებია჻ ამისად ნაცულად რა გიძღვნა: მძულს ცუდი ნაქადებია჻

1418. მოდი გუნახენ გავიარდეთ: ქვეყანასა შენსა ვირე჻ სრულად ქაჯთა სამეფოსა: გიძღუნი ჩემგან შეიწირე჻ კაცნი შენნი შეაყენენ: ციხე მაგრად დაიჭირე჻ მე ვისწრაფი ვერა გნახავ: შენ წამოდი ჩემ კერძ ირე჻

1419. თქუენ უბრძანე ჩემმაგიერ: უსენს ქმარსა ფატმანისსა჻ გამოგზავნოს იამების: ნახვა მისი ჴსნილსა მისსა჻ მისგან კიდე ინატრიდა: ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა჻ ვინ მზესაცა უნათლეა: ასრე ვითა ბროლი ფისსა჻

1420. რა კაცი ტარიელისა: ესტუმრა ზღვათა მფლობელსა჻ წესია გული გაჰკრთების: ამბავსა გასაკრთომელსა჻ მისცა მადლი და დიდება: ღ~თსა მართლისა მბრჭობელსა჻ მაშინვე შეჯდა არ უნდა: მისვლა სხვასაღა მხმობელსა჻