ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1384. აბჯრითა გავლა არად მჩანს: ჭირად გატანა ფარისა჻ შიგან ჩავხტები კისკასად: ვეცემი მსგავსად ქარისა჻ ლაშქართა დავჴოც გავახვამ: ნახოთ გაღება კარისა჻ თქვენცა მუნ მოდით სადაცა: გესმას ზრიალი ზარისა჻

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა და აღებისა჻

1385. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ: მოყვასნი ვერ გიჩივიან჻ ლომთა მკლავთაგან იმედი: გაქვს არა წყლულნი გტკივიან჻ სთათბირობ ძნელთა თათბირთა: მტერთა ივაგლახივიან჻ მაგრა თუ გესმის გუშაგნი: რა ახლო ახლო ყივიან჻

1386. რა გახვიოდე გუშაგთა: ესმას აბჯრისა ჩხერება჻ გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ: ამისი ჴამს დაჯერება჻ წაგიჴდეს ცუდად ყველაი: დაგრჩეს ცუდიღა ფერება჻ ეგე თათბირი არ ვარგა: სხვაებრ ვქნათ თავის ტერება჻

1387. სჯობს დადეგით დამალულნი: თქვენ ადგილსა იდუმალსა჻ ისი კაცნი არ იჭირვენ: მგზავრსა ქალაქს შემავალსა჻ სავაჭროდა შევეკაზმი: ვიქ საქმესა მე მუხთალსა჻ ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ: მუზარადსა ჯაჭვსა ჴრმალსა჻

1388. სამთავე შესულა არ ვარგა: თუ გვიგრძნან არს სათუები჻ მე მარტო შევალ ვაჭრულად: და კარგად შევეტყუები჻ მალვით ჩავიცვამ აბჯარსა: გავჩნდები გავეცრუები჻ ღ ~თნ ქნას უხვად ვადინო: შიგნით სისხლისა რუები჻

1389. შიგნითა მცველთა მოვიცლი: მე უნახავად ჭირისა჻ თქუენ გარეთ კართა ეცენით: ყოველნი მზგავსად გმირისა჻ კლიტეთა დავლეწ გავახვამ: ნახოთ გაღება კარისა჻ თუ რა სხვა გვიჯბს თქუენ ბრძანეთ: ვარ მრჩევლად ამა პირისა჻

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხის შეხდომა და აღება჻

1390. ტარიელ უთხრა მე თქუენი: ვსცან გმირთა მეტი გმირობა჻ თქუენსა ძალგულსა თქუენივე: ჰგავს თათბირობა პირობა჻ ვიცი გწადს ომი ფიცხელი: არ ცუდი ჴრმალთა ღირობა჻ კაციმცა მაშინ თქუენ გახლავს: რა ომმან ქნას გაჭირობა჻

1391. მაგრა იყუენით ჩემთვისცა: საქმისა რასმე რჩევითა჻ ჴმა ესმას ჩემსა ჴელ მქმნელსა: ზედა გარდმოდგეს მზე ვითა჻ თქუენ გქონდეს ომი ფიცხელი: უომრად მნახოს მე ვითა჻ ესე მე დამსურის ნუ უბნობთ: სიტყვითა თქუენ სათნევითა჻

1392. მაგა თათბირსა ესე სჯობს: ვჰქნათ ჩემი მონახსენები჻ გავიყოთ კაცი ას ასი: რა ღამე ჩნდეს ნათენები჻ სამთავე სამგნით მივმართოთ: ფიცხლად დავსწკიპოთ ცხენები჻ მოგვეგებვიან ვემცრობით: ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები჻

1393. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ: ვერ მოგვასწრებენ კარებსა჻ სამთაგან ერთი შეუვალთ: სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა჻ მან ერთმან შიგნით შიგანი: მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა჻ ჴელი კვლა ვხადოთ აბჯარსა: მას ჩვენგან მძლედ ნაჴმარებსა჻

1394. ფრიდონ უთხრა შემიგია: გამიგია ვიცი მე რა჻ მაგა ცხენსა ჩემეულსა: მოასწრობენ კართა ვერა჻ ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი: ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა჻ თვარა ყოლა არ გიძღვნიდი: ჩემი გითხრა სიძუნწე რა჻

1395. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს: საუბართა ესოდენთა჻ ამაზედან გაიცინნეს: მათ წყლიანთა სიტყუა ბრძენთა჻ ერთმანეთსა ალაღობნეს: ლაღობათა მათთა ფერთა჻ გარდაჴდეს და დაეკაზმნეს: უკეთესთა შესხდეს ცხენთა჻

1396. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს: სიტყვები არ პირ მკუახები჻ დაასკუნეს იგი თათბირი: ტარიას განაზრახები჻ გაიყუეს კაცი ას ასი: ყუელაი გმირთა სახები჻ ცხენებსა შესხდეს აიღეს: მათ მათი ჩაბალახები჻

1397. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ: მზისაცა მეტითა჻ მათ სამთა შვიდნი მნათობნი: ჰფარვენ ნათლისა სვეტითა჻ ტარიელ შავსა ზედა ზის: ტანითა მით წერწეტითა჻ დალივნეს მტერნი ომითა: ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა჻

1398. ჩემი აწ ესე ნათქუამი: მათი სახე და დარია჻ რა ზედა სწვიმდეს ღრუბელი: და მთათა აღტყდეს ღვარია჻ მოვა და ჴევთა მოგრაგნის: ისმის ზათქი და ზარია჻ მაგრა რა ზღვათა შეერთვის: მაშინ ეგრეცა წყნარია჻

1399. თუცა ფრიდონ და ავთანდილ: სიკეთე მიუწდომნია჻ მაგრა ტარიას შემბმელნი: არვისგან მოსანდომნია჻ მზე მნათობთაცა დაჰფარავს: არცაღა ნათლად ჴომნია჻ აწ იყურებდით მსმენელნო: გესმნენ ფიცხელი ომნია჻

1400. სამთავე სამად გაიყუეს: თვითომან თვითო კარები჻ თანა ჰყუა კაცი სამასი: ყველაი გმირთა დარები჻ მას ღამით უქნეს სადარნო: უცრუო ანაჩქარები჻ გათენდა გაჩნდეს მიმართეს: თავის თავ ჰქონდა ფარები჻

1401. პირველ ამოდ მიდიოდეს: მგზავრთა რათმე მაგიერად჻ მათ შიგანთა ვერა უგრძნეს: ვერცა დახვდეს გულ ხმიერად჻ გულსა შიში არა ჰქონდა: ამოდ დგეს და ნებიერად჻ მიდგეს გარე მუზარადი: დაიხურნეს ჟამიერად჻