ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1537. დაიწყეს მორთმა პურისა: ლაშქართა მის მესავსისა჻ ზროხა და ცხვარი დაკლული: არს უმრავლესი ხავსისა჻ შეიქმნა ზღვნობა ძღვენისა: მათისა შესამგზავსისა჻ მათ ყოვლთა შუქი ანათობს: პირისა მზისა მსგავსისა჻

1538. იაგუნდისა ჯამები: იყჳს: ლალისა ჭიქები჻ კულავ უცხო ფერთა ჭურჭელთა: სხდის უცხო უცხო სიქები჻ მის ქორწილისა მაქები: კაცი ბრძენთაგან იქები჻ მჭვრეტელო გულსა ეტყოდი: ნუ აეხსნები იქ ები჻

1539. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით: ისმოდის ჴმა წინწილისა჻ შეყრით ძეს გორი ოქროთა: და ბალახშისა თლილისა჻ მსმელთათვის წყარო ღვინისა: ასგან სდის მსგავსი მილისა჻ ბინდით ცისკრამდის სმა იყო: გარდაჴდა ჟამი დილისა჻

1540. არა დარჩა უსაბოძვრო: არ კოჭლი და არ საპყარი჻ მოდიოდა მარგალიტი: მოფანტული მონაყარი჻ გაბედითდა წასაღებლად: ატლასი და ოქრო მყარი჻ სამ დღე იყო ინდოთ მეფე: ავთანდილის ვით მაყარი჻

1541. ხვალისა მეფე არაბთა: კვლავ პურობს არ ღაფალია჻ ტარიელს უთხრა შენი მზე: საჭვრეტლად სატურფალია჻ მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა: და ეგე დედოფალია჻ ჴამს ყურსა გვეგდოს საყურლად: ჩვენ თქუენი ნატერფალია჻

1542. აწ მეფეო არ ეგების: ჩვენი სხდომა თქუენად სწორად჻ საჴელმწიფო საჯდომი და: სხვა დაუდგა ტახტი შორად჻ ქუემოდ დასხნა ავთანდილ და: მისი ცოლი მათად სწორად჻ პირველ ძღვენი ტარიასთვის: მოიღიან იდვის გორად჻

1543. არაბთა მეფე მასპინძლობს: იქს ოდენ მასპინძლობასა჻ ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ: არ იჴმობს ჴელმწიფობასა჻ გასცემს და უქებს ყუელაი: უხობა იეფობასა჻ ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს: ჩვეული ვით მეფობასა჻

1544. მეფესა ქმრითურთ პატივი: ჰქონდა ინდოთა ქალისა჻ სიყვარული და ჩუქება: ვით სიძისა და სძალისა჻ რომე სძღუნა არა ეგების: თქმა არცა ნაათალისა჻ თვითო სკიპტრა და პორფირი: და გვირგვინები თვალისა჻

1545. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე: მზგავსი მათისა ბედისა჻ ათასი თვალი ნაშობი: რომანულისა დედისა჻ კვლავ მარგალიტი ათასი: მართ ვითა კვერცხი ბატისა჻ ათასი ცხენი ტაიჭი: სიდიდით მსგავსი ქედისა჻

1546. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი: მარგალიტი თავ შედგმული჻ ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა: უნაგრითა შეკაზმული჻ ინდოთ მეფე თაყუანისცემს: ლაღი ბრძენი არ მახმული჻ მადლი ჰკადრა ფხიზელურად: თუცა იყო ღვინო სმული჻

1547. რას ვაგრძელებდე გარდახდეს: დღენი ერთისა თვისანი჻ თამაშობდიან არ იყუნეს: ყოლა გაყრანი სმისანი჻ ტარიელს სძღვნიან უცხონი: თვალნი ლალისა ქჳსანი჻ მათ ყოვლთა მათნი ელვანი: ჰფარვენ მართ ვითა მზისანი჻

1548. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და: იყვის ფიფქისა მთოელად჻ ავთანდილ როსტანს წინაშე: გაგზავნა დასათხოველად჻ შესთვალა შენი სიახლე: კმა ჩემად ლხინად ყოველად჻ მტერთა აქუს ჩემი სამეფო: ვიცი მუნ შიგან მძოველად჻

1549. უცებნი მოსრნის მცოდნელთა: ცოდნამან ჴელოვნებამან჻ ვეჭუ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა: ჩემმან რასაცა ვნებამან჻ წავიდე ავი არ მიყოს: მე აქა დაყოვნებამან჻ ადრე კულავ გნახნე მორჭმულნი: ინებოს ღ~თისა ნებამან჻

1550. როსტევან ჰკადრა მეფეო: რად ხართ რასაცა რიდითა჻ რაცა გიჯობდეს იქმოდით: გასჭვრეტდით გაიცდიდითა჻ ავთანდილ თანა წამოგყუეს: წადით ლაშქრითა დიდითა჻ თქუენთა მტერთა და ორგულთა: დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა჻

1551. ავთანდილ უთხრა ტარიელს: ესე სიტყუები ორები჻ მან უთხრა გაე ნუ უბნობ: შეცევ ბროლისა ყორები჻ ახალ შეყრილსა მთვარესა: მზეო ვით მოეშორები჻ ავთანდილ უთხრა მაგითა: შენგან არ მოვიღორები჻

1552. არ დია გინდა დამაგდო: წახვიდე ჩემად მზრახავად჻ ცოლი უყუარსო გამწირა: იყო ამისად მსახავად჻ მე დავრჩე შენი გაყრილი: თავისა მე ვაგლახ ავად჻ კაცსა მოყურისა გაწირვა: ახ მოუხდების ახ ავად჻

1553. ტარიელს უგავს სიცილი: ბროლსა ვარდითა ფრქუევასა჻ უბრძანა ვიტყუი უშენოდ: შენისა უფრო მე ვასა჻ რადგან გწადიან წამომყევ: დამწამებ ნურას თნევასა჻ ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა: ყოვლგნით მისთანა წვევსა჻

1554. შეყარნა სპანი არაბეთს: აღარა ხანსა ზმულია჻ კაცი ოთხმოცი ათასი: ყუელაი დაკაზმულია჻ კაცსა და ცხენსა ემოსა: აბჯარი ხვარაზმულია჻ არაბთა მეფე მათითა: გაყრითა ნაღველ ჭმულია჻

1555. ერთმანერთისა გაყრილნი: ქალნი ორნივე დობილნი჻ ერთმანერთისა დად ფიცნი: სიტყჳსა გამონდობილი჻ მკერდითა მკერდსა შეკრულნი: ყელისა გარდაჭდობილნი჻ ტიროდეს მათთა მჭვრეტელთა გულნიცა ესხნეს წდობილნი჻

1556. მთვარე ცისკრისა ნიავსა: რა თანა შეესწოროსა჻ ორნივე სწორად ნათობენ: მოშორდეს მოეშოროსა჻ არა თუ იგი მოშორდეს: მართ ცამან მოაშოროსა჻ მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან: ჴამს თავი იქედგოროსა჻