... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

1328. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა, კაცისა გასწავლილისად აწ რადღა გვმართებს ტირილი, ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისა ადეგ წავიდეთ საძებრად, მის მზისა წარხდომილისა ადრე მიგიყვან მიყვანა, არს შენგან მონდომილისა

1329. ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ

1330. მერმე ტარიელ ამბავსა, ჰკითხავს აღარა ბნდებოდა შეხედნის თვალნი ამართნის, შავთეთრი ელვა ჰკრთებოდა მართ ვითა ლალსა მზისაგან, მას ფერი ეზარდებოდა ვინ ღირს ა თუმცა წყალობით, ცა მიწყივ მობრუნდებოდა

1331. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქნა უყო საუბარისა მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა ვითა ზემთისა წყარომან, მომრწყე ყვავილი ბარისა დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა

1332. მე ვერა გიყო ნაცვალი, ღმერთი გარდგიხდის ციერი ზეგარდმო მისით შემოგზღოს, მუქაფა ჩემმაგიერი შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი აწ გავეაძღო სოფელმან, ასმათ ადრითგან მშიერი

1333. ქვაბისა კარსა ასმათი, მარტო ზის არბარგოსანი შეხედნა იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი მაშინვე იცნა ავარდა, მოშლილი პერანგოსანი

1334. აქამდის მიწყივ ენახა, ქვაბს მისლვა მოტირალისა აწ გაუკვირდა დანახვა, სიცილით მომღერალისა ზარ აღებული ავარდა, ცნობა უც ვითა მთრვალისა არ იცის სმენა ამბისა, ჯერ მისგან სასურვალისა

1335. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს, სიცილით და კბილთა ჩენით ჰე ასმათო მოგვივიდა, მოწყალება ღმრთისა ზენით ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გწადდა იგი ვქენით აწ გავხედით ბედისაგან, ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით

1336. ავთანდილ ცხენსა გარდახდა, ასმათის მოსახვეველად მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად რა სცანო რა ქმენ მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად

1337. ავთანდილ ასმათს უსტარი, მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტოდამჭნარისა, მთვარისა ფერმიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი, მის პატიჟგარდახდილისა მზე მოგვეახლა მოგვეცა, ჩვენ მოშორვება ჩრდილისა

1338. ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა გაკვირდა ზარმან აიღო, ათრთოლებს ვითა ხელობა ტერფით თხემამდის გაუხდა, მას მეტი საკვირველობა იტყვის რა ვნახე რა მესმის, არსმცა ამისი მრთელობა

1339. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა მოგვშორდა, ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგვეახლა უკუნი, ჩვენთვის აღარა ბნელია ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია

1340. ჰინდოთ მეფე მხიარული, ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა ვარდსა ზედა ყორნის ბოლო, ნამსა თხელსა აპკურებდა კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა

1341. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა აწყა ვცანით უარესსა, პირი თქვენი არ გაჰბრჭობდა ჰინდოთ მეფე ხელგანპყრობით, მხიარული ამას ხმობდა ქვაბს შევიდეს მხიარული, ასმათ რასმე მასპინძლობდა

1342. ტარიელ ეტყვის ავთანდილს, ისმინე სიტყვა ასები გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბვედ ნუ გენასები მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავხოცე დევთა დასები მას აქათ მათი აქა ძეს, საჭურჭლე ძვირნაფასები

1343. მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მდომია მოდი და გავხსნათ შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია ეამა ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია

1344. პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელწმიდად განათალისა ჩნდის მარგალიტი ოდენი, ბურთისა საბურთალისა ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა

1345. იგი სახლი ორმოცივე, შიგან იყო გატენილი პოეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი მუნ აბჯარი ყოვლიფერი, ასრე იდვა ვითა მწნილი შიგან ერთი კიდობანი, დაბეჭდილი არგახსნილი

1346. ზედა ეწერა აქა ძეს, აბჯარი საკვირველიო ჯაჭვმუზარადი ალმასი, ხმალი ბასრისა მჭრელიო თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო

1347. კიდობანი გახსნეს პოეს, მუნ აბჯარი სამი ტანი რასაცა ვით შეიმოსენ, მეომარნი სამნი ყმანი ჯაჭვი ხრმალი მუზარადი, საბარკული მათი გვანი ზურმუხტისა ბუდებითა, იყვნეს ვითა ლუსკუმანი