ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე

1184. წესია ამა ქალაქსა, დღესა მას ნავროზობასა, არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა; ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.

1185. “ჩვენ, დიდ-ვაჭართა, ზედა გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება მართებს მსგავსისა ჩვენისა; ათ დღემდის ისმის ყოველგან ხმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

1186. “ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა, მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა; დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით; მდიდარი თუ გლახა ვინ ა, დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.

1187. “დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით; ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით; ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით, კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.

1188. “ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა, გავიტანე ხათუნები,– მათი ჭმევა ჩემგან ხამსა; მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა, ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.

1189. “იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი, მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი, მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი, კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

1190. “ვაჭრის ცოლთა ვუმასპინძლე მხიარულად, ამოდ, დურად; სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად, რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად, მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1191. “უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი გზასა, ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა; შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა, ფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა!

1192. “მე შორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი; ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი; იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი, გამოვიდეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.

1193. “გამოზიდნეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედეს, მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა; ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა, მე იდუმალ ვიხედვიდი, სულღებული ვიყავ შინა.

1194. “მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა, ახადეს, ქალი გარდმოსვეს უცხოთა რამე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა, მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

1195. “რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა; დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა, უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

1196. “მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი; ვუჩვენე: “ხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი? ჩაეპარენით, ჩაედით, ჩქარად ნუ ჩქარად მხლტომელნი, მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მდომელნი.

1197. “თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დახოცენით, მოიყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით.” ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1198. “მე სარკმელთა გარდავადეგ; რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, შევუზახენ: “დახოცენით!” დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.

1199. “რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა! ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა მართებს მზესა მზობა! ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ჰქმნა ნახაზობა! მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა!”

1200. ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი; ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი; ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი, ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1201. მოიტირეს, ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვედ, გაასრულე”. ფატმან იტყვის: “მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

1202. “ვჰკადრე: “მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა? ამა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?” მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა, ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა.