ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1090. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა, ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.

1091. სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი, ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი. ქედსა გარდადგეს, – აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი. მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს დაყმუნებულნი.

1092. მუნ ქარავანი ურიცხვი იდგა მის ზღვისა კიდესა. შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა; ჰკითხა თუ: “ვინ ხართ, ვაჭარნო?” მათ საუბარი ჰკიდესა.

1093. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი. მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი. ჰკადრეს: “ხმელთა სინათლეო, შენ ამოხვე ჩვენი მლხენი, ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.

1094. გარდახდა. ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი,– აროდეს გვისვამს მაჭარნი, ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი, საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი.

1095. “ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე; ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე; ვჰკითხეთ თუ “ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მძებარე?” გვითხრა: “თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალვარ მე ბარე?!”

1096. “თქვა: “ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა, ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა, მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელის სახნისის წვერითა, ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!”

1097. “ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი ას საზომისა; შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა, ვერცა ვდგავართ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა”.

1098. ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების; რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების; მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, დაცამწვთების, ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვდების”.

1099. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა; თქვეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა; აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა”. შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა.

1100. სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა. მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა, მას ნავსა ნავთა სალეწად სახნისი ჰგია ძელითა.

1101. ჰკიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა; შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა, ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს ა.

1102. “უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი; ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1103. “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხრჩენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი! მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ნახნეთ მონაღვარნი”.

1104. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა. მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა; ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.

1105. ჰკიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე ჰკრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა; ლომს მკლავი არ უდრკებოდა.

1106. ძელი მოსტეხა ავთანდილ, დარჩა ნავ-დაულეწელი; შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი; ვეღარ გაესწრნეს, გარდუხდა მტერთა მიდამო მლეწელი; არ დარჩა კაცი ცოცხალი, მუნ მისშიგან დაუფრეწელი.

1107. მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

1108. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისა გულსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!” არ დახოცა, დაიმონა, დარჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად იტყვის მეცნიერი: “შიში შეიქმს სიყვარულსა”.

1109. კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი! არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი; დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, ღმერთი გფარავს, – სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.