ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1241. “ვარქვი: “ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესეგვარი”. მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დარი. ცნა მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი, იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

1242. “ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები; ვერ იჭირვებდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები. იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები, გაკრთომით უთხრა: “ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?”

1243. “ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შეჰქმნნა თვალისა მფახველად; მეფემან ბრძანა: “გამხადა ნახული მე უნახველად; ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად! ჰმართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ, ველად!”

1244. “გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა; “მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?” მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა; თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.

1245. “არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა; სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა; ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტთა არ აღებდა, მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

1246. “მეფე ბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების? ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების: ან ვისიმე მიჯნურია, სიყვარული ეგონების, მისგან კიდე არვისად სცალს, ვერცაღა ვის ეუბნების.

1247. “ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი.

1248. “ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ისი მზე, და-, მისთვის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული, მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული”.

1249. ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა, მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1250. მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა, დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა, მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1251. “მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ საწოლი უფლისწულისა”. დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1252. “უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად; ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად; უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად, სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

1253. გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი, ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: “რა ბედი მიც ჩემი მკლველი! სადაური სად მოსულ ვარ, ვის მივხვდები, ვისთვის ხელი, რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”

1254. “კვლაცა იტყვის: “ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა; ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა! სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!”

1255. “ხადუმნი უხმნა, უბრძანა: “ისმინეთ, მოდით ცნობასა! მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა, ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.

1256. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია; მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო-ტანია! სხვასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია, თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია!

1257. უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა; ესე სჯობს, მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა”.

1258. შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი, მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი; მისცა, უთხრა: “გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი, მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი”.

1259. “მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა. ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

1260. “ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა: შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.