ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1147. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარყეველი, უსტარი შესანახავი, არ-ცუდად დასახეველი.

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი

1148. “ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად, მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად, მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

1149. “შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან: ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან! შენი შვენება ყვავილთა აჭნობს და ჩემნიც ჭნებიან, სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.

1150. “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა, მაგრა რა ვირგო, დღე-კრულმან, სრულად გავყრივარ თმობასა, გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა, თუ რას მეწევი, მეწივე, თვარა მივხდილვარ ცნობასა!

1151. “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს, ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა-დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს, სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი, ოდეს!”

1152. ფატმან-ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი; ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა, ანუ თვისი! თქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი, რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი!”

1153. თქვა: “ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია! მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია. უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია, რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

1154. ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა; მერმე იტყვის: “ჩემი შემწე ჩემგან კიდე არავინ ა; რასათვისცა გადმოჭრილვარ, მისი ძებნა რადგან მინა, რათაცა ვით ვპოებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა!

1155. “ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა; მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა; მივყვე, მიამბობს ყველასა, რაზომმცა ცეცხლი მწვავს ალთა, ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა”.

1156. თქვა: “დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა; რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა, მიჯობს, მივყვე, განღა სადმე ვსცნობ საქმესა დამალულსა”.

1157. კვლა იტყვის: “ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების, მით რაცა მინდა, – არა მაქვს, რაცა მაქვს,– არ მომინდების; ბინდის გვარია სოფელი, ეს თურ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”.

წიგნი ავთანდილისა ფატმანთან პასუხად მიწერილი

1158. მიუწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება. შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება; შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება, შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება”.

1159. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე; მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვებ მარტოსა მე, მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.

1160. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა: “ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”. მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა თუ: “ჰგავსო ეგე რასა!”

1161. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლა ზევე უკუ-წვევითა. ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შე ვითა, ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1162. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი, დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ,– ჰგავსო თუ გზაა კლდიანი.

1163. ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მიდამო კრთოლასა. გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა.

1164. “გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელი-ღა ვრბოდე მე ველად!”