ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1129. “აქა მოსლვითა გაყმდების, კაციმცა იყო ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არნ სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები. ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ ა მტერები.

1130. “დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ; უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1131. მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა; ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა: თვით ესე ბაღი მისია,თქვენი სადგომი დღესისა; პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1132. “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან; მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

1133. “თქვენებრთა საბატიოთა მას მართებს გამოსვენება; დამყენებელთა უბრძანებს, მართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება; გამოგება და წაყვანა მას მართებს, თქვენი ქენება.

1134. ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი”.

1135. ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ჰქმენ, რაცა გწადიან”. მებაღე მირბის, იხარებს, ოფლი მკერდამდის ჩასდიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან, ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან!

1136. ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა; შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

1137. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვასრანი, დააყენა ბარგი მათი; შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბალახში, მინა-სათი; მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა თათი.

1138. ზარი გახდა, შემოაკრფეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით-აქათ იჯრებოდეს: “ვუჭვრიტოთო ამას რულად!”. ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად; მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

მისვლა ავთანდილისა ფატმანისას ფატმანის მიგებება და სიხარული

1139. ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა, მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა; ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შევითვატყევ, არ ეწყინა.

1140. ფატმან - ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავგრემანი, პირმსუქანი, არ პირხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი, დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.

1141. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს თუ: “ვარგა”. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაჰკარგა; სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ გა.

1142. დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა, ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ, აჰკიდა, გააწევინა, თქვა :” ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა”.

1143. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა. ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა; ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა; ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა.

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა

1144. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთეს, რაცა დაესობის, მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

1145. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების!” აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.

1146. “მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს! თუ არ ვუთხრა, რაგვარ გავძლო! ცეცხლი უფრო გამიხშირდეს. ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს; მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს.”