ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1280. “მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, სმიდეს, სჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

1281. “მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; თქვეს: ”ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, არც არა ვიცით, ვინ ვინ ა, ანუ სით მოვიარენით, ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით”.

1282. “მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმა დაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.

1283. “მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა; მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა: მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა, აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

1284. “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი: როსან და ერთი როდია; აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის მორჭმული, წოდია.

1285. გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა, ვითა ვკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა? როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ-ათასისა.

1286. “როშაქ ბრძანა: ”მოცავინმკლავს, მე ტირილსა არ დავხვდები. მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები, მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წაცავყვები”.

1287. “გვითხრა მისთა ხელისათა: “წავალ, თანა წამომყევით!” წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით; დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით.

1288. “მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა, დიდი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა; ვთქვით თუ, მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა! დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1289. “ზოგთა თქვეს: არის ცისკარი; ზოგთა თქვეს: არის მთვარეო; მას დარაზმულთა მივმართეთ, ახლოსაც ვნახეთ ბარეო; შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო, მით ნათლიდაღმე გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

1290. “გვითხრა: “ვინ ხართ ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენი თქვენით; გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით”. ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით. პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1291. “ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა; მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა; ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა, კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

1292. “კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა. არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა; როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა, აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.

1293. “კვლა ვჰკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა, ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?” მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა. რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა.

1294. “არცა რა ცხადი ამბავი, არცა რა დასამალავი, არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი; ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1295. “როშაქ გვიბრძანა: “ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ- სათქმელია, იმისა საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია; ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია, მით, რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

1296. “ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუგვრია, მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია, პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია”.

1297. “მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით; დავბრუნდით, ქაჯეთს მივმართეთ, მას წინა მოვეკიდენით; არცა რა ვკადრეთ ხელ-და-ხელ, არცა თუ წავეკიდენით; იგი ტირს, ღაწვსა გულმდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით.

1298. “მე როშაქს ვკადრე: “გამიშვი ადრე ვარ თქვენი მხლებელი; აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი”. მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი, თანა წავიტან, წაცავალ მე მათი ზედა-მსწრებელი”.

1299. “მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა. მე გავიგონე, შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა, მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.