ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1300. “მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა: ვჰკითხე: “მითხარ, რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა” მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა, ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულ-მობრძავი დამარჩინა.

1301. “მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა: უჩინოდ წავლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა; მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: “ნუ დასდგებითა, მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა”.

1302. “სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა: “მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა, ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი, მართ ვითა მზისადა, ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

1303. “როსანს შევრთოთო”,– დულარდუხტს მეფესა უბრძანებია,– ჯერ საქორწილოდ არა მცალს აწ გული ცეცხლ-ნადებია; შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია”. ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

1304. “ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია. მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია; ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია, დაეყოვნების: წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

1305. “ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია: ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია, მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

1306. გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები, ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები; ქალაქის კართა სამთავე სამათას-სამათასები. გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და, გლახ, რას ები!”

1307. ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან, რა მოისმინა, იამა, სხვად არა გაუცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: “ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმან-ღა დამან!”

1308. ფატმანს უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად, მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად, მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად, ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?

1309. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქმნევენ, მიკვირს ქალსა?” ფატმან უთხრა: “მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა”.

1310. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი, კაცნი, გრძნებისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი არვისგან ვნებულნი; მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

1311. “იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ, ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ, ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ, სწადდეს, დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს, ბნელსა ანათობენ.

1312. “ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი, თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი”. ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, დიდად მიამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.

1313. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი; თქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი; ყოფილი, მყოფი, უფქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!”

1314. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა. ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა; ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა, ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1315. მას ღამეს ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა; ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული მხეც-ქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა.

1316. ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად, შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად; იტყვის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო,იგი, ვინ ვარდი ა ვისად, უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”

1317. მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია; გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია. თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1318. გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები; დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი, წმიდები; ”რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

1319. ავთანდილ თქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა, მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.