ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1222. “ვერა დავყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა: ვეფხი ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა. კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა, არა ვიციო, მიმიშვით! ეს ოდენ გვითხრა ენითა.

1223. დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ! ძლივს ვეაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ, ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1224. “უსენ იტყვის: “ბევრ-ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს; ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! უმართლეა, ვერ მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს, მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!”

1225. “მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით. შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით. ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე

1226. “რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე-დღენი, უსენ მითხრა: “არ მინახავს ძოღანითგან მეფე ჩვენი. მივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!”

1227. “უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები. დავვედრე: “დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები; ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები”. კვლა შემომფიცა: “არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!”

1228. “უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ – არიფი მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი. წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი, აწ ნახეთ მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრობელი.

1229. “რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი, კვლა შესვეს და კვლა აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი. დაავიწყდეს იგი ფიცი, – რა მუსაფნი, რა მაქანი! მართლად თქმულა: “არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი”.

1230. “უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა: “დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა, მარგალიტსა დიდროვანსა, უსახოსა ჰპოვებ ლალსა? ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა”.

1231. “თაყვანი სცა უსენ, ჰკადრა: “ჰე მაღალო ხელმწიფეო, ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენალო არსთა, მზეო! რაცა სხვა მაქვს, ვისი არის, ოქრო თუნდა საჭურჭლეო? დედის მუცლით რა გამომყვა? – მბოძებია თქვენგან მეო.

1232. “ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა; სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა; მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა, მაშინ მეტად გაამრთლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა”.

1233. “რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა, უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად იამა, მიეცა ლხინი გულისა, უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.

1234. “მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია. შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია, მოვიდეს; დია გავკვირდი, ვთქვი: “რამე საქმე ზესია”.

1235. “მისალამეს, “ფატმან”, – მითხრეს, “ბრძანებაა ღმრთისა სწორთა: დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა, აწ მომგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა”. ეს რა მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

1236. “მე გაკვირვებით კვლა ვკითხე: “რა ქალი გინდა, რომელი?” მათ მითხრეს: “უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი” არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი, ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

1237. შეველ, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად, ვკადრე: “მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ხედავ რულად; ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად, შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად”.

1238. “მან მითხრა: “დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია! ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია”.

1239. “თვალთათ, ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი; ადგა ასრე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი, მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1240. “შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა, თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა, მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა.