ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1203. “რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა, გულ-ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა; ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა; მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

1204. “მითხრა: “შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქმნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა! ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა; თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა”.

1205. “ვთქვი:“უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა; მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა; ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა, რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?

ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის მოყვანა და გამჟღავნება უსენის წინაშე

1206. “ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მზისა შუქი, ჩამოვბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი; ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.

1207. “მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით; მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით; არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1208. “ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! შევეხვეწი: “დადუმდიო”, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა. აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!

1209. “შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები, მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები, შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.

1210. “ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუცა მეკითხა: “ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან?” მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან, მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

1211. “არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა, ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1212. “სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა; ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა, სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა.

1213. “მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი; ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; ვთქვი თუ: “ვუთხრა,ვიცი, დარბაზს გამამჟღავნებს, ისი ფლიდი”. ესე მეყო საგონებლად, შევიდი, თუ გამოვიდი.

1214. “ვთქვი თუ: არ ვუთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა მოეგვარების? არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მოცამკლავს, ვერღარა მომეფარების; ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!

1215. “მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა! მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა; არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა, სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა.

1216. “მიველ მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, მერმე ვუთხარ: “გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე”. ფიცი ჰფიცა საშინელი: “თავიცაო კლდეთა ვიცე!

1217. “რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა”. მერე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: “მოდი, მომყევ, აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა”.

1218. “ადგა, ამყვა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი. უსენ გაკვირდა, გაცაკართა, რა შუქნი ნახნა მზისანი; თქვა: “რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი? თუ ხორციელი არისმცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!”

1219. “ვთქვი, თუ: “არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა, რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა; მე და შენ ვკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ჰქმნას დიდი ლმობიერობა”.

1220. მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა; ვკადრეთ, თუ: “მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა, გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა? რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?”

1221. რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა: ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა; გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა, მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედან რადმცა გაგვითენდა!