ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1071. ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა; სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა ჰაერ-ფერითა, მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.

1072. ქალაქს შევიდეს, მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა, სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა; მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა! შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.

1073. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი, იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი; თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვინმცა ვით თქვა ქება მათი! ბროლ-ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

1074. დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა, მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა, მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.

1075. მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა, შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა, შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.

1076. ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა, ფრიდონს თანა ნადირობას გავიდის და თამაშობდა, სწორად ხოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა, მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

1077. ქალაქს შევიდეს, ხმა გახდა, მუნ ზათქი იქებოდიან; ქალნი და ყმანი დაჯარვით მისად საჭვრეტლად რბოდიან; იგი ნახიან, დაბნდიან, ჭკუითა მიხდებოდიან; ახლოს შეყრისა უღირსთა რამცა ქნეს, ისჯებოდიან.

1078. ყმა ფრიდონს ეტყვის: “გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები: მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩნს და მით თავსა ვევნები, მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მე სხვაცა მეგზნები. გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.

1079. “მართალა შენი გამყრელი, თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა, დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა; დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა, სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.

1080. ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის; ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის; წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის, მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

1081. “ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი; თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი, აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი,– არ წაიტან, გაირჯები, ღაწვი-ვარდი, ცრემლ-ნადენი”.

1082. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა, სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა, სამოცი ლიტრი წითელი აწონით, არ ნაკლულითა, ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

1083. ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა; წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა, მოსთქვამს: “თუცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა”.

1084. ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა, მიეცნეს წუხილსა. მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა; ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა ჰაერთა ქუხილსა, იტყოდეს: “მზესა მოვშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!”

1085. ქალაქი განვლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა, მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა, მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა.

1086. “აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა, კბილ-თეთრი, ბაგე-ბალახში, სახედავითა შავითა; ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა, შორს მნახეს, ადრე გამექცნეს, ნავი მფრინველი ჩნდა ვითა”.

1087. მოეხვივნეს ერთმანერთსა, განამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი, გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი, ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი.

წასლვა ავთანდილისა ფრიდონისაით ნესტან-დარეჯნის საძებრად

1088. ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა. არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა; იტყვის: “მოგშორდი, სიცრუვე, ვა, საწუთროსა კრულისა! შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.

1089. “რად სიცხე გულსა ნიადაგ სწვავს გმირსა სამს ალებისა? რად გული კლდისა ტინისა შეჰქმნია სამ სალებისა? არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა, შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა”.