ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

1051. “მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით, ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

1052. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა; მინდორს ვნახეთ ტარიელ, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა, გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

1053. “მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და სწყრებოდა; მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მხარ-თეძო დალეწა და ზოგსა სული ხდებოდა; მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

1054. “მან სპათაგან ვერ შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შესხდეს და შეუტივეს ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა. ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

1055. “ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვერღა გავძელ მისისა ამბისა ვერ-დასტურობა, გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

1056. “იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი; ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი, შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

1057. “ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ, არ ახლებია, ვა მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია.

1058. ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და აგრე არჩენს იგი, ერთგან ვერ-დამდგომი, მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

1059. “მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა; მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა, ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა მისისა დამმარხველისა.

1060. “ვითა მთვარე, დაუდგრომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების; არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. ვა მე, მისსა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!

1061. “მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა; მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა; შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

1062. პირველად ძებნად წამოსვლა მეფეს ვაცნობე აროსა; მართ მონდომოდა შეტყობა პირ- მზესა, ტანად საროსა; ჭირ- გარდახდილი შევესწარ ტურფასა შესაყაროსა,– ვპოვე, მას ჰგვანდა, რა მზემან ღრუბელი გაიყაროსა.

1063. მივბრუნდი ვკადრე ყოველი ნახული, მონასმენია. მობრძანეს: “ძნელი ადვილად გიჩანან შენ საქმენია.“ ვკადრე თუ : “ადრე მივმართებ, ტყუვილი არ სათქმენია, დამვედრა სიტყვა საბრალო, ცნობათა გარდამხმენია.“

1064. მეფეთა დია იამა უცხოთ ამბავთა სმენანი, მითხრეს : “აწ ვიყვნეთ შენისა მონდომილისა მქენანი, მაგრა შემატყვეს უმისოდ, გლახ, სიცოცხლისა თმენანი, შევატყევ, ჩემგან ეწყინათ ადრე წასვლისა თქმენანი.

1065. “დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა. დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა; გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა, აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.

1066. “შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა, აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა; გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა, მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა.”

1067. აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა; ორნივე სწორად მოთქმიდეს მოთქმითა საქებარითა, გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ დამთმობარითა, მუნ ვარდსა წყლითა ცხელთათა რწყვენ ტევრთა საგუბარითა.

1068. ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა, ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა. ფრიდონ ტირს, მოთქვამს ხმა-მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა: “უხანობა და სიცრუვე, ვა, საწუთროსა ფლიდისა!”

1069. ფრიდონ მოსთქვამს: “რა შეგასხათ, ვერ საქებო, ვერ სათქმელო! ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსხმელო, მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო, სულთა მდგმელო, ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!

1070. “რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია; თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია; შენ უჩემობა ლხინად გჩანს, მე დია მიმჭირვებია, ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”