... (H-1128), XIX ს.

1116. იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი ნატიფად გებულნი მაღალნი ყოვლგნით მხედველნი ზღვაზედან წაკიდებულნი მუნ შევიტანენ ხათუნნი იგი ჩემთანა ხლებულნი კვლავ დავიდევით ნადიმი დავსხედით ამოდ შვებულნი

1117. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან უმასპინძლე ამოდ დურად სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად რა შემატყვეს გაიყარა სხდომილ იყო რაცა პურად მარტო დავრჩი სევდა რამე შემომექცა გულსა მურად

1118. უკუმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი ზღვასა ვიხედვიდი ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა შორს ამიჩნდა ცოტა რამე მოცურვედა შიგან ზღვასა ფრინველად ვთქვი ანუ მხეცად სხვად ვამსგავსე მემცა რასა

1119. მე შორიდამ ვერად ვიცან მომეახლა იყო ნავი ორთა კაცთა ტანად შავთა თვით პირიცა ედგა შავი იქით აქეთ მოსდგომოდეს ახლოს უჩნდა ოდენ თავი გამოიღეს გამიკვირდეს იგი უცხო სანახავი

1120. გამოვიდეს იგი ნავი გამოიღეს ბაღსა წინა მიიხედეს მოიხედეს ვინ გვიჭვრეტსო სადა ვინა ვერა ნახეს სულიერი ვერცა რამან შეაშინა მე იდუმალ ვიხედვიდი სულ ღებული ვიყავ შინა

1121. მით ნავიდაღმან მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა აჰხადეს ქალი გარდმოხდა უცხოთა რათმე ტანითა თავსა რიდითა შავითა ქვეშეთ მოსილი მწვანითა მზესა სიტურფით ეყოფის იყოს მისითა გვანითა

1122. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ჴმელთა ზესა დავიწუხენ თვალნი ყოლა ვერ შევადგენ ვითა მზესა უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ მათი ჭვრეტა ვერა ცნესა

1123. მოვიხმენ ოთხნი მონანი ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩვენე ჰხედავთ ინდოთა ტყვედ ყვანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩადითო წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით რისაცა იყვნენ მდომელნი

1124. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ წაგვარეთ და დახოცენით მოიყვანეთ ისი მთვარე ჰქენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედა დაღმან ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაევაჭრეს არ მოჰყიდეს შავნი ვნახენ მეტად წყენით

1125. მე სარკმელთა გარდავადეგ რა შევიგენ არ მოჰყიდეს შეუზახენ დაჰხოცენით დაიპყრეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღვასა შეასრივნეს შემოადგეს ქალსა სცვიდეს ჩავეგებე გამოვგვარე ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს

1126. რა გიამბო ქება მისი რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზეა არა მართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა ვინმცა ვით ქნას ნახაზობა მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ არღა უნდა ამას მზობა

1127. ესე სიტყვა დაასრულა ფატმან იკრნა პირსა ხელნი ავთანდილსცა აეტირნეს გარდმოჰყარნა ცრემლნი ცხელნი ერთმანერთი დაავიწყდეს მისთვის გახდეს ვითა ხელნი ღვარმან ზედათ მონადენმან გააწყალნა ფიფქნი თხელნი

1128. მოიტირეს ყმამან უთხრა ნუღარ გასწყვეტ გაასრულე ფატმან იტყვის მივეგებე გული მისთვის ვაერდგულე გარდუკოცნე ყოვლი ასო თავი ამად მოვაძულე ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა შევეკვეთე გავესულე

1129. ვჰკადრე ვინ ხარ მითხარ მზეო ანუ შვილი ვისთა ტომთა ამა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ პატრონი ცისა ხომთა მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა ას ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხვა და მეცნიერების შეტყობის ნდობა

1130. რა მივაჭირვე კითხვითა მეტითა საუბარითა გულ ამოხჩინვიით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა მისნი მჭვრეტელნი დავიწვი გავხე გულითა მკვდარითა

1131. მითხრა შენ ჩემთვის დედაო ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა თუ რაცა მკითხო ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა

1132. ვთქვი უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა ჴმობა უნდა ჟამიერად სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა

1133. ავიყვანე იგი პირმზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი სურვილმან და მზემან მისმან ძლივ დავმალი მისი შუქი ჩამოვბურე მრავალ კეცი სტავრა მძიმე არ სუბუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი

1134. მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით მოუკაზმე სახლი ერთი შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე მე შევიდი ვნახი ხალვით