... (H-1128), XIX ს.

1004. ყმამან დაჰყვნა დღენი რამე თუცა ყოვნასა ვერა სთმობდა ფრიდონს თანა ნადირობად გავიდეს და თამაშობდა სწორად ჰხოცდა შორს და ახლოს თუ რას ხელსა მიაპყროდა მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა

1005. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები მე თქვენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები მაგრა არა მცალს დღე კრულსა ცეცხლი მე სხვაცა მედების გზა გრძელი საქმე სასწრაფო მიც დია დამეყოვნები

1006. მართალ არს შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა დღეს წამავალი ვერა ვარ მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა დგომა მგზავრისა ცთომაა კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა სადა გინახავს იგი მზე წამომყევ ზღვისა კიდესა

1007. ფრიდონ უთხრა დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის ვიცი რომე აღარა გცალს შენ ლახვარი სხვა გესობის წადი ღ~თი გიწინამძღვრებს შენი მტერი დაემჴობის მაგრა თქვი თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის

1008. ამას გკადრებ არ ეგების მარტოსაგან წასლვა შენი თანა ყმათა ჩამოგატან იმსახურენ იახლენი აბჯარი და საქონელი ერთი ჯორი ერთი ცხენი არ წაიტან გაირჯები ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი

1009. მოასხნა ოთხნი მონანი მისანდობელნი გულითა სრული აბჯარი საკაცო ქაფითა საბარკულითა სამოცი ლიტრი წითელი აწონით არ ნაკლულითა ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა

1010. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა საგებელი აუკიდა წავიდა და ფრიდონ შეჯდა მასთანავე გამოვიდა აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი სწვიდა მოსთქვამს თუმცა მზე გვეახლა ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზვრიდა

1011. ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა მიეცნა წუხილსა მოატყდეს მოქალაქენი ლარსა ვინ ყიდდა თუ ხილსა ხმა ძახილისა მათისა გვანდა აერთა ქუხილსა იტყოდეს მზესა მოვშორდით მო თვალნი მივსცეთ წუხილსა

1012. ქალაქი გავლეს მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა მაშინ ფრიდონის ნახულსა ნასაჯდომევსა მზისასა მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა

1013. აქა მათ ორთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა კბილ თეთრი ბაგე ბალახში სახედავითა შავითა ცხენი გავქუსლე გავაგე წაგვრა ხმლითა და მკლავითა შორს მნახეს ადრე გამექცეს ნავი მფრინველე ჩნდა ვითა

1014. მოეხვივნეს ერთმანერთსა გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი გაიყარნეს გაუყრელნი ძმად ფიცნი და ვითა ძმანი ფრიდონ დადგა ყმა წავიდა შემხედველთა მკვლელი ტანი

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად

1015. ყმა მიმავალი მიუბნობს მსგავსი მთვარისა სრულისა არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა იტყვის მოგშორდი სიცრუვე ვაი საწუთროსა კრულისა შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა

1016. რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამსალებისა რად გული კლდისა ტინისა შემქნია სამ სალებისა არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა

1017. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა

1018. სადაცა ნახნის ეუბნის მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი ჰკითხის მის მზისა ამბავი დღენი ვლნა გაასებულნი ქედსა გარდადგა აქლემნი აუჩნდა ლარ კიდებულნი მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს შეჭირვებულნი

1019. მუნ ქარავანი ურიცხვი მოსდგმოდა ზღვისა კიდესა შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა ყმამან სალამი უბრძანა ქებასა შეასხმიდესა ჰკითხეს ვაჭარნო თუ ვინ ხართ მათ საუბარი ჰკიდესა

1020. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი კაცი ბრძენი მოახსენა ხოტბა სრული დალოცა და უქნა ზნენი ჰკადრეს მზეო სიცოცხლე და შენ ამოხე ჩვენი მლხენი ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი

1021. გარდახდა ჰკადრეს ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი მაჰმადის სჯულის მჭირავნი აროდეს გვისვამნ მაჭარნი ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი საქონელ სრულნი მდიდარნი არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი

1022. ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე უშველეთ ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო რასა საქმისა მძებარე გვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ კიდე ცოცხალვარ მე ბარე