... (H-1128), XIX ს.

1154. უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები დავვედრე დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთვრალები ამა ქალისა ამბავსა მამკალ თუ არ ეკრძალები კვლავ შემამფიცა არ ვიტყვი თავსაცა მეცეს ჴმალები

1155. უსენ მოვიდა ჴელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი უსენ არიფი მეფისა და მეფე მისი მდომელი წინა მივიდა შეიძღუნა ძღვენი მიართვა რომელი აწ ნახო მთვრალი ვაჭარი ცქაფი უწფელი წომელი

1156. რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი კვლავ შესვეს და კვლავ აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი დაავიწყდა იგი ფიცნი რა მუსაფნი რა მაქანი მართლად თქმულა არა მართებს ყვავსა ვარდი ვირსა რქანი

1157. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან უჭკუოსა უსენს მთვრალსა დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა მარგალიტსა დიდროანსა უმზგავსოსა ჰპოვებ ლალსა თავმან ჩემან ვერ გარდვიხდი ძღვენთა შენთა ნაათალსა

1158. თაყვანი ჰსცა უსენ ჰკადრა ჰე მაღალო ხელმწიფეო ზეცით შუქთა მამფენელო მარჩენელო არსთა მზეო რაცა სხვა მაქვს ვისი არის ოქრო გინდა საჭურჭლეო დედის მუცლით რა გამამყვა მბოძებია თქვენგან მეო

1159. ამას გკადრებ თავმან თქვენმან არა გმართებს მადლი ძღვნისა სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი შესართავი თქვენის ძისა მას უცილოდ დამიმადლებთ ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა

1160. რას ვაგრძელებდე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა უამბო პოვნა ქალისა მჭვრეტთაგან მზედ სახულისა მეფესა მეტად იამა მიეცა ლხინი გულისა უბრძანა დარბაზს მოყვანა სრულ ქნა უსენის თქმულისა

1161. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯექ მუნამდის არ მიკვნესია შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია თანა ჰყუა მონა სამოცი ვით ხელმწიფეთა წესია მოვიდეს დია გავჰკვირდი ვთქვი რამე საქმე ზესია

1162. მისალამეს ფატმან მითხრეს ბრძანებაა მზისა სწორთა დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი მსგავსი მზეთა ორთა აწ მომგვარე წავიყვანო ვლა არ გვინდა გზათა შორთა ესე მესმა და დამტყდეს ცანი რისხვით ეცა გორთა

1163. მე გაკვირვებით კვლავ ვკითხე რა ქალი გინდა რომელი მათ მითხრეს უსენ შემოსძღუნა პირი ელვათა მკრთომელი არას მარგებდა დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი

1164. შეველ ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ დასხმულად ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ხედავ სრულად ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ იავარმყო ამფხვრა სრულად შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთვის გულ მოკლულად

1165. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკვირველია სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია ძველია

1166. თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ჴშირი ადგა ასრე გულ უშიშრად ვეფხი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯაღითა მოიბურა ტანი პირი

1167. შეველ საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დაედებოდა თვალ მარგალიტი ავიღე რაც ოდენ ამეღებოდა თჳთო და თვითო თჳთოსა ქალაქსა ეფასებოდა მივე მას წელთა შევარტყი შავ გული ვისთვის კვდებოდა

1168. ვარქვი ჩემო განღა სადმე გეხმარების ესე გვარი მათ მონათა ხელთა მივეც იგი ტურფა მზისა დარი ცნა მეფემან მოეგება ჰკრეს ტაბლაკსა გახდა ზარი იგი მივა თავ მოდრეკით წყნარი არას მოუბარი

1169. ზედა მოატყდა მჭვრეტელი გახდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვიდეს სარაგნი მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან საროსა მსგავსი ნარები გაკრთომით უთხრა ჱე მზეო აქა ვით მოიგვარები

1170. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი შექნა თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამხადა ნახული მე უნახველად ღ~თისაგან კიდე ვინმცა იყო კაცი ამისად მსახველად მართებს ამისთა მიჯნურსა ხელნი თუ რბოდეს ახ ველად

1171. გვერდსა დაისვა ეუბნა ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი პირითა მზისა დარითა თავ მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა

1172. არ ისმენდა მეფისასა რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერდგან შეეწება მარგალიტსა არ აჩენდა მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა რასამცა ვინ იაზრებდა

1173. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ გული ჩვენი რათ იხსნების ამ ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქნების ან ვისიმე მიჯნურია საყვარელი ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს ვეღარცავის ეუბნების