... (H-1128), XIX ს.

1043. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს არა ხვალეს მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს მათსა ნავსა გარდმოიღეს ნავი სრულად გარდმოსცალეს დალეწეს და ზოგი დაწვეს შეშა დრამად არ გაცვალეს

1044. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა შენგან ვართ დამაგრებულნი ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა რაცა გვაქვს იგი შენია ამას არ უნდა ცილობა რასაცა მოგვცემ გვიბოძე გვიქნია აქა ყრილობა

1045. ყმამან შესთვალა ჱე ძმანო წეღანცა მოგისმენია ღ~თსა შეესმა ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია მან დაგარჩინნა მე რა ვარ მე გლახ რა მომილხენია რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ მე ვარ და ჩემი ცხენია

1046. მე თუმცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი ჩემსაცა მქონდა ურიცხვი უსახო ლარ საგებელი რას ვაქნევ თქვენსა რასგინდა ოდენ ვარ თქვენი მხლებელი სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი

1047. აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი რაცა ვის გინდა წაიღეთ არვისი ვიყო მლალავი ერთსა ვიაჯი მიაჯეთ სააჯო არ საკრძალავი საქმე რამე მიც თქვენშია თავისა დასამალავი

1048. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა თჳთ თავადია ჩვენი თქვა ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა მე სავაჭროსა ჩავიცვამ დავიწყებ ჩუბაჩობასა თქვენ შემინახეთ ნამუსი თქვენსა და ჩემსა ძმობასა

1049. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია მოვიდეს და თაყვანისცეს ჰკადრეს ჩვენი იმედია რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა იგი თქვენვე გიაჯია მას ვმსახუროთ ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია

1050. მუნით წავიდეს იარეს არ თურე ხანსა ზმიდიან მიხვდეს ტაროსსა ამოსა ნიადაგ ამოდ ვლიდიან შეფრფინვიდიან ავთანდილს ქებასა შეასხმიდიან მას მარგალიტსა მას ყმასა კბილთა ფერსა სძღვნიდიან

ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა ზღვის პირს რომ გავიდა

1051. ზღვა გაიარა ავთანდილ მივა ტანითა მჭევრითა ნახეს ქალაქი მოცული გარე ბაღისა ტევრითა გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრის ბევრითა მის ქვეყანისა სიტურფე რა გაიგონო შენ რითა

1052. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვა დაჯდა სკამითა მოასხეს კაცნი მზიდავნი დამზადებულნი დრამითა იგი ყმა ვაჭრობს თავადობს და თავს მალავს ამითა

1053. მოვიდა მისი მებაღე ბაღსა იახლნეს რომელსა მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა ავთანდილ უხმო ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა

1054. წვრილად მითხარ ყველაკაი ყმა მას კაცსა ეუბნების რა ლარია უფრო ძვირად ან იეფად რა იხსნების ჰკადრა ვხედავ პირი შენი მზისა პირად მემეცნების რაცა ვიცი მართლად გკადრებ მრუდი არა არ გემცნების

1055. ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა თვით გულანშაროს ქალაქი სავსე ტურფითა მრავლითა აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა ზღვა ნავითა მავლითა მელიქ სურხავი ხელმწიფობს სავსე სვითა და დავლითა

1056. აქა მოსვლითა გაყმდების კაცი თუც იყო ბერები სმა გახარება თამაში ნიადაგ არს სიმღერები ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად ფერები ვინცა გვიცნობენ გვნატრიან იგინცა ვინა მტერები

1057. დიდ ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ პოებენ იყიდიან გაჰყიდიან მოიგებენ წააგებენ გლახა თვე ერთ გამდიდრდების სავაჭროსა ყოვლგნით კრეფენ უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ

1058. მე ვარ მებაღე უსენის ვაჭართა უხუცესისა ესეცა გკადრო ამბავი საქმე მისისა წესისა თჳთ ესე ბაღი მისია თქვენი სადგომი დღესისა პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა

1059. რა შემოვლენ დიდ ვაჭარნი მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან უჩვენებენ რაც ქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან უტურფესა სეფედ დასხმენ ფასსა მუნვე დაუთვლიან მათ მაშინვე ააზატებს ვითა სწადდეს და ჰყიდიან

1060. თქვენებრთა საბატიოთა მათ მართებს გამოსვენება დამყენებელთა უბრძანებს მართებდეს ვის დაყენება აწ იგი აქა არ არის რას მარგებს მისი ხსენება გამოგება და წაყვანა მას მართებს თქვენი ქენება

1061. ფატმან ხათუნ შინა არის ხათუნი და ცოლი მისი პურად კარგი მასპინძელი საყვარელი არ თუ მქისი მას ვაცნობო მოსვლა თქვენი წაგიყვანოს ვითა თვისი წინა კაცსა მოგაგებებს ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი