ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

1125. “რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა, გულ ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა; ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა მოჰსდის გიშრისა ღარითა; მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

1126. “მითხრა: “შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა! ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა; თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა”.

1127. “ვთქვი, უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა, მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა; ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა, რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა!”

1128. “ავიყვანე იგი პირ მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი; ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოჰქრის ბუქი.

1129. “მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით, მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით, არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1130. “ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! შეველხვეწი: “დადუმდიო”, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა; აწ უმისოდ ვით ცოცხალ-ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!

1131. “შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები, მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები, შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.

1132. “ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუმცა მეკითხა: “ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან?” მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოჰსდის ალვისა ხისაგან, მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

1133. “არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა, ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1134. “სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა: ვარ მჰნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა, – სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა.

1135. “მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი; ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; ვთქვი: “თუ ვუთხრა, გამამჟღავნებს, დარბაზს მივა ისი ფლიდი”. ესე მეყო საგონებლად, კვლვ შევიდი,კვლავ გავიდი.

1136. “ვთქვი: “თუ არ ვუთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა მოეგვარების, არცარა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მოცამკლავს, ვერღარა მომეფარების; ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების!

1137. “მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა; მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა; არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა, სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა.

1138. “მიველ მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, მერმე ვუთხარ: “გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე”. ფიცი ფიცა საშინელი: “თავიცაო კლდეთა ვიცე!

1139. “რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა”. მერე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: “მოდი, მომყევ, აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა..”.

1140. “ადგა, ამყვა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი; უსენ გაჰკვირდა, გაცაკართა, რა შუქნი ნახნა მზისანი; სთქვა: “რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი? თუ ხორციელი არისცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!”

1141. “ვთქვი, თუ: “არცარა მე ვიცი ამისი ხორციელობა, რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა; მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა”.

1142. “მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა; ვკადრეთ, თუ: “მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა, გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა, რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მზგავსი ლალისა?”

1143. “რაცა ვკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა: ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა; გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა, მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!

1144. “ვერა დავყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა: ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ჰზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა. კვლავცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა, “არა ვიციო, მიმიშვით!” ეს ოდენ გვითხრა ენითა.