ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

1087. ესე სთქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი, ფატმან შეჰქმნა თავის-ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი; ცრემლთა, მისთა მონადენთა, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი; სთქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაყარნი!”

1088. მოსთქვამს: “მოვკალ, ვაჲ ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი, იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი, გავეყარე საყვარელთა, ვაჲ, გამზრდელნი, ვაჲ გაზრდილნი; ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი”.

1089. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული; უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული; რას დაგექადა იგი ყმა, რა ჰნახა შენგან კლებული? დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”

1090. დიაცმან უთხრა: ”ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა; დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.

1091. ესე გვარი დია მიხვდეს სიტყვა-მცდარსა, ენა-მეტსა, – ხვაშიადის ვერ დაჰმალავს – უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

1092. ორისაგან ერთი ჰქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით: მოვითაჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით! მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მე ვითა ვარ ცრემლთა ლამით.

1093. “თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა, დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი, რითა. ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა, თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.

1094. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა, ადგა და ლახტი აიღო, – რა ტურფა რამე მხნე არსა! – “ამა საქმისა ვერ ცნობა, – სთქვა, – ჩემი სიძუნწე არსა”. ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად, თუ ვითმე მისებრი არსა!

1095. ფატმანს უთხრა: “კაცი მომეც მასწავლელად, წინა-მძღვარად, გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად; იმას კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად, რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.

1096. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წაცამყვანელად, კვლავე მიჰყივლა:“ვინათგან ცეცხლი ცხელია აწ ნელად, თუ მოვითაჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად, ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად”.

1097. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა; ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა, ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლავ ზედათ ბანის-ბანითა, დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.

1098. მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა; ხმა-მდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”. უჩვენებს, ეტყვის: “ჰხედაო ბანსა ზედა ქვე მდგომელსა? იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა”.

1099. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა. ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა, თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა-ხდასა, თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯის დახოცა.

1100. „იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა; ხელ სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა; ვერღა აესწრა, იდუმალ მოკლა, თუ ვერცა ვცანითა, ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაჰკლა დანითა.

1101. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელთ მიწასა გარია, ზღვათაკე სარკმლით გასტყორცა, ზღვასა ქვიშათა დარია, მისთვის არცა სად სამარე, არცა სათხარად ბარი-ა.

1102. ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა; წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა ესე მიკვირს, სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა! რომე პირველ წამოევლო, გზა იგივე წაიარა.

1103. “რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი; უბრძანა: “მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი, თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი, აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.

1104. “აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად? რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის მეტად”. ფატმან ფერხთა მოეხვია: “არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად, გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

1105. “მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით; ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით! ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრასა დაექადენით, თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით”.