ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

1105. ,,იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი, მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვა ზედან წაკიდებულნი, მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი, კვლავ დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

1106. ,,ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდურად, სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად; რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ-იყო რაცა პურად, მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1107. ,,უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქციე პირი გზასა, ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა; შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურევდა შიგან ზღვასა, ფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა!

1108. ,,მე შორიდამ, ვერათ ვიცან, მომეახლა, იყო ნავი, – ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი; იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი, გამოვიდეს, გამიკვირდა იგი უცხო საჰნახავი.

1109. ,,გამოჰზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედეს, მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა; ვერა ჰნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა; მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.

1110. ,,მით ნავიდაღმე მათ რომე გარდმოჰსვეს კიდობანითა, ახადეს, ქალი გარდმოჰხდა უცხოთა რამე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა, – მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

1111. ,,რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთ და ზესა; დავიჭუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა, უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

1112. ,,მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი, უჩვენე: ,,ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი? ჩაეპარენით, ჩადითო, ჩქარად ნუ მიხვალთ მხლტომელნი, მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყონ მდომელნი.

1113. ,,თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დაჰხოცენით, მოიყვანეთ ისი მთვარე, ჰქმენით კარგად, ეცადენით.,, ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1114. ,,მე სარკმელთა გარდავადეგ; რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, შევუზახენ: ,,დაჰხოცენით!,, დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის-პირს ხანსა არ დაჰზმიდეს.

1115. ,,რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა! ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა; ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინცა ვით ქმნა ნახაზობა! მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა!,,

1116. ესე სიტყვა დაასრულნა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი; ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოჰყარნა ცრემლნი ცხელნი; ერთმანერთი დაავიწყდათ, მისთვის გახდეს ვითა ხელნი, – ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1117. მოიტირეს, ყმამან უთხრა: ,,ნუღარ გასწყვედ, გაასრულე,,. ფატმან იტყვის: ,,მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

1118. ,,ვკადრე: ,,მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა, იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ – პატრონი ცისა ხომთა?,, მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა, ას ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა.

1119. ,,რა მივაჭირვე კითხვითა, მეტისა საუბარითა, გულ ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა; ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა; მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

1120. ,,მითხრა: ,,შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქნევ ჩემსა ამბავსა? ზღაპარი არის ყბედისა, – ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა, თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა,,.

1121. ,,ვთქვი, უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა, მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა; ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა, რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა.,,

1122. ,,ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი. ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოჰქრის ბუქი.

1123. ,,მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით, მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით, არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1124. ,,ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! შევეხვეწი,დადუმდიო, ,,წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა; აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მევა!