... (Q-622), XIX ს.

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან

948. მოდი მარიხო უწყალოდ დამჭარ ლახურითა შენითა შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი მას გააგონენ ენითა როგორ გასრულვარ შენ იცი გულია აღარს ლხენითა

949. მოდი ეასპიროზ მარგე რა მან დამწვა ცეცხლთა დაგითა ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა ვისმე ჩემებრსა დააგდებს გახდი ცნობითა შმაგითა

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან

950. ოტარიდო შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს შემიყრის და მიმცემს წვასა დაჰჯე წერად ჭირთა ჩემთა მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა წვრილსა ვითა ლერწამსა

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან

951. მოი მთვარეო შემიბრალე ვილევი და შენებრ ვმჭლდები მზე გამავსებს მზევე გამლევს ზოგჯერ ვჭლდები ზოგჯერ ვმჭლდები მას უანბენ სჯანი ჩემნი რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები მიდი უთხარ ნუ გამწირავ მისი ვარ და მისთვის ვჰკუდები

952. აჰა მმოწმობენ ვარსკულავნი შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი და ზოალ ჩემთვის ბნდებიან მთვარე ასპიროზ მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან მას გააგონენ რანიცა ცეცხლი უშენოდ მდებიან

953. აწ გულსა ეტყვის ვითამცა გდის ცრემლი არ გაგჴმობია რას გარგებს მოკულა თავისა ეშმა ძმად თურე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ ლხინი რა დასათმობია

954. თუ დავრჩეო ესე მიჯობს სიცოცხლისა იტყვის თუსა ნუთუ მამხუდეს ნახვა მზისა ნუ ვიძახი მიწყივ უსა მიიმღერის ხმასა ტკბილსა არ გასწყუეტდის ცრემლთა რუსა მისსა ხმისა თანა ხმაცა ბულბულისა გვანდის ბუსა

955. რა ესმოდის მღერა ყმისა სმენად მხეცნი მოვიდიან მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან ისმენდიან გაკვირდიან რა ატირდის ატირდიან იმღერს ლექსთა საბრალოთა ღვარისაებრ ცრემლნი სდიან

956. მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი ტყით ნადირნი წყალში თევზნი ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი ინდო არაბ საბერძნეთით მაშრიყით და მაღრიბელნი რუსნი სპარსნი მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა

957. ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადა კითხა ვინ ხართ თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა ეს სამეფო ვისი არის ან ჰმორჩილობს ვისსა ჴმასა

958. მათ მოახსენეს ტურფაო სახით და ანაგებითა გვეუცხოვე და გვეკეთე მით გეუბნებით ქებითა აქამდის მზღვარი თურქთაა მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა ჩვენცა ვისი ვართ გიანბობთ თუ ჭურეტით არ დავბნდებითა

959. ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა მოყმე მხნე უხვი ძლიერი ფიცხლად მამხტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა იგია ჩვენი პატრონი მსგავსი ცით შუქთა ფენისა

960. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქვენსა ვეძებ მასწავლეთ თუ სით წავიდე რა ვიარო ოდეს მივალ ან გზასა აქუს რა სიდიდე მენავეთა უწინამძღურეს არ დააგდეს ზღვისა კიდე

961. მოახსენეს ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი აქადაღმე ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო ფერად ლალი მუნ დაგუხვდების მეფე ჩვენი მშვილდ ფიცხელი მახვილ ხმალი ვაი რად დაგუწვენ უცხოდ უცხომ რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი

962. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი თქვენმცა მაშინ გენახენით ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი ჩვენნი მჭურეტნი დავაშვენით ჩვენგან სხდიან მხიარულნი

963. იგი წავიდა დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა ვისი გავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა მიაცურვებს და მიუბნობს მოსთქვამს მისსავე ლხინასა ნარგისი ქუხან ცრემლსა სწვიმს ჩარცხის ბროლსა და მინასა