... (Q-622), XIX ს.

1043. ყმამან შესთვალა ჱე ძმანო წეღანცა მოგისმენია ღ~თსა შეესმა, ნაკადი რაცა თქუენ თვალთა გდენია მან დაგარჩინნა, მე რა ვარ მე, გლახ რა მომილხენია რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ მე ვარ და ჩემი ცხენია

1044. მე თუცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი ჩემსაცა მქონდა ურიცხვი უსახო ლარ საგებელი რას ვაქნევ თქვენსა რასგინდა ოდენ ვარ თქვენი მხლებელი სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი

1045. აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი რაცა ვის გინდა წაიღეთ არვისი ვიყო მლალავი ერთსა ვიაჯი მიაჯეთ სააჯო არ საკრძალავი საქმე რამე მიც თქვენშია თავისა დასამალავი

1046. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა თვით თავადია ჩვენი თქვა ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა მე სავაჭროსა ჩავიცვამ დავიწყებ ჩუბაჩობასა თქვენ შემინახეთ ნამუსი თქვენსა და ჩემსა ძმობასა

1047. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია მოვიდეს და თაყვანისცეს ჰკადრეს ჩვენი იმედია რაცა აჯა ჩვენ გუმართებდა იგი თქვენვე გიაჯია მას ვმსახუროთ ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია

1048. მუნით წავიდეს იარეს არ თურე ხანსა ზმიდიან მიხუდეს ტაროსსა ამოსა ნიადაგ ამოდ ვლიდიან შეფრფინვიდიან ავთანდილს ქებასა შეასხმიდიან მას მარგალიტსა მას ყმასა კბილთა ფერსა სძღვნიდიან

ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა ზღვის პირს რომ გავიდა

1049. ზღვა გაიარა ავთანდილ მივა ტანითა მჭევრითა ნახეს ქალაქი მოცული გარე ბაღისა ტევრითა გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრის ბევრითა მის ქვეყანისა სიტურფე რა გაიგონო შენ რითა

1050. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვა დაჯდა სკამითა მოასხეს კაცნი მზიდავნი დამზადებულნი დრამითა იგი ყმა ვაჭრობს თავადობს და თავს მალავს ამითა

1051. მოვიდა მისი მებაღე ბაღსა იახლნეს რომელსა მას ყმასა უჭურეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა ავთანდილ უხმო ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა ვისნი ხართ ვინ ხართ რა ქვიან მეფესა აქა მჯდომელსა

1052. წურილად მითხარ ყველაკაი ყმა მას კაცსა ეუბნების რა ლარია უფრო ძვირად ან იეფად რა იხსნების ჰკადრა ვხედავ პირი შენი მზისა პირად მემეცნების რაცა ვიცი მართლად გკადრებ მრუდი არა არ გემცნების

1053. ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა თვით გულანშაროს ქალაქი სავსე ტურფითა მრავლითა აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა ზღვა ნავითა მავლითა მელიქ სურხავი ხელმწიფობს სავსე სვითა და დავლითა

1054. აქა მოსულითა გაყმდების კაცი თუც იყო ბერები სმა გახარება თამაში ნიადაგ არს სიმღერები ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად ფერები ვინცა გვიცნობენ გვნატრიან იგინცა ვინა მტერები

1055. დიდ ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ პოებენ იყიდიან გაჰყიდიან მოიგებენ წააგებენ გლახა თვე ერთ გამდიდრდების სავაჭროსა ყოვლგნით კრეფენ უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ

1056. მე ვარ მებაღე უსენის ვაჭართა უხუცესისა ესეცა გკადრო ამბავი საქმე მისისა წესისა თვით ესე ბაღი მისია თქვენი სადგომი დღესისა პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა

1057. რა შემოვლენ დიდ ვაჭარნი მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან უჩვენებენ რაც ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან უტურფესა სეფედ დასხმენ ფასსა მუნვე დაუთვლიან მათ მაშინვე ააზატებს ვითა სწადდეს და ჰყიდიან

1058. თქვენებრთა საბატიოთა მათ მართებს გამოსვენება დამყენებელთა უბრძანებს მართებდეს ვის დაყენება აწ იგი აქა არ არის რას მარგებს მისი ხსენება გამოგება და წაყვანა მას მართებს თქვენი ქენება

1059. ფატმან ხათუნ შინა არის საყვარელი არ თუ მქისი პურად კარგი მასპინძელი ხათუნი და ცოლი მისი მას ვაცნობო მოსვლა თქვენი წაგიყვანოს ვითა თვისი წინა კაცსა მოგაგებებს ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი

1060. ავთანდილ უთხრა წადიო აგრე ქენ რაცა გწადიან მებაღე მირბის იხარებს ოფლი მკერდამდის ჩადიან ხათუნსა უთხრა ანბავი მე ესე დამიქადიან ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან

1061. ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა ჰშვენის ჯუბა და მოხვევნა ძოწეულისა რიდისა მე მიხმო მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა