... (H-66), 1832 წ.

945. რა ესმოდის მღერა ყმისა: სმენად მჴეცნი მოვიდიან მისვე ჴმისა სიტკბოსაგან: წყლით ქვანიცა გამოსხდიან ისმენდიან გაკვირდიან: რა ატირდის ატირდიან იმღერს ჴმითა საბრალოთა: ღვარისაებრ ცრემლნი სდიან

946. მოვიდიან შესამკობლად: ქვეყნით ყოვლნი სულიერნი ტყით ნადირნი წყალში თევზნი: ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი ინდოთ არაბთ საბერძნეთით: მაშრიყით და მაღრიბელნი რუსნი სპარსნი მოფრანგენი: და მისრეთით მეგვიპტელნი

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა჻

947. ყმა მტირალი სამოცდათ დღე: ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი: მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ: თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა ეს სამეფო ვისი არის: ან მორჩილობს ვისსა ჴმასა

948. მათ მოახსენეს ტურფაო: სახით და ანაგებითა გვეუცხოვე და გვეკეთე: მით გეუბნებით ქებითა აქამდის მზღვარი თურქთაა: მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა ჩვენცა ვისი ვართ გიანბობთ: თუ ჭვრეტით არ დავდნებითა

949. ნურადინ ფრიდონ მეფეა: ამა ქვეყნისა ჩვენისა მოყმე მხნე უხვი ძლიერი: ფიცხლად მომხლტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალუც: მის მზისა ოდნად მშვენისა იგია ჩვენი პატრონი: მსგავსი ცით შუქთა ფენისა

950. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო: კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქვენსა ვეძებ: მასწავლეთ თუ სით წავიდე რა ვიარო ოდეს მიხვალ: ან გზასა აქვს რა სიდიდე მენავეთა უწინამძღურეს: არ დააგდეს ზღვისა კიდე

951. მოახსენეს ესე გზაა: მულღაზანზარს მიმავალი მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი: მშვილდ ფიცხელი მახვილ ჴმალი აქა დაღმე ათ დღე მიხვალ: ნაკვთად სარო ფერად ლალი ვაი რად დაგვწვენ უცხოს უცხო: რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი

952. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო: რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი ანუ ეგრე ვით გეკეთნეს: ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი თქვენმცა მაშინ გენახენით: ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენით: ჩვენგან სხდიან მხიარულნი

953. იგი წავიდა დაბრუნდა: ყმა გზასა თავის წინასა ვისი გავს ტანი საროსა: და ვისი გული რკინასა მიაცურვებს და მიუბნობს: მოსთქვამს მისსავე ლხინასა ნარგისი ქუხან ცრემლსა სწვიმს: ჩარხის ბროლსა და მინასა

954. ვინცა გზას ნახნის უცხონი: მსახურებდიან ჰყმობდიან მოვიდოდიან საჭვრეტლად: მას ზედა სტრფიალობდიან ეძნელებოდის გაშვება: გაყრასა ძლივ დასთმობდიან გზის ყოლაოზი მისციან: ჰკითხის რა უამბობდიან

955. მულღაზანზარს მიეახლა: ადრე დალევს გზასა გრძელსა მინდორს ნახა სპა ლაშქართა: და ნადირთა გვანდეს მსურელსა ყოვლგნით ალყა შემოეკრა: მოსდგომოდეს გარე ველსა ისურიან და იზახიან: მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა

956. კაცი ემთხვია მას ჰკითხა: ამბავი მის ლაშქარისა უბრძანა ისი ვისია: ჴმა ზათქისა და ზარისა მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე: მეფე მულღაზანზარისა იგი ნადირობს შეუკრავს: ნაპირი ველ შანბნარისა

957. მათ ლაშქართაკენ წავიდა: მით უსახოთა ქცევითა გამხიარულდა შვენება: მის ყმისა თქვამცა მე ვითა მისთა გამყრელთა დააზრობს: შემყრელთა დასწვავს მზე ვითა ნახოს მჭვრეტელთა აახლებს: ტანი ლერწამობს ხე ვითა

958. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა: ორბი სითმე გარდმოფრინდა ყმამან ცხენი შეუტევა: გაამაყდა არ შეშინდა შესტყორცნა და ჩამოაგდო: დაეცა და სისხლი სდინდა გარდახდა და ფრთენი დასჭრნა: წყნარად შეჯდა არ აქშინდა

959. იგი რა ნახეს მესროლნი: სროლასა მოეშლებოდეს ალყა დაშალეს მოვიდეს: მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქათ უვლიდეს: ზოგნი უკანა ჰყვებოდეს ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო: ვერცა რას ეუბნებოდეს

960. მინდორსა შიგან გორი დგა: ფრიდონ მას ზედა დგებოდა ღირსნი მასთანა სროლასა: ორმოცი კაცი ხლებოდა მუნ დაემართა ავთანდილ: მას თანა ყოლბი ჰყვებოდა ფრიდონს უკვირდა რა ქნესო: მისთა სპათათვის წყრებოდა

961. ფრიდონ მონა გამოგზავნა: წა ნახეო ისი სპანი რა ქნეს ალყა რად დაშალეს: სად წადიან ვითა ბრმანი მონა ფიცხლავ მოეგება: ნახა სარო მორჩი ტანი დადგა თვალნი გაურეტდა: დაავიწყდეს სიტყვის თქმანი

962. ავთანდილ ცნა თუ ისია: მოამბედ ჩემად რებული უთხრა რქვი შენსა პატრონსა: ეს ჩემი დავედრებული ვარ უცხო ვინმე ღარიბი: სამყოფთა მოშორვებული ძმად ფიცი ტარიელისა: თქვენს წინა მომგზავრებული

963. მონა წავიდა ფრიდონის: თხრობად ამბვისა მისისად უთხრა მზე ვნახე მოსრული: ჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ: თუ ბრძენთა ნახონ ისი სად ვარ ძმაო ტარიელისა: შეყრად ფრიდონის მქისისად