ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

760. ,,რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა, აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა; რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა, შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა.

761. ,,აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე, სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე; სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე, სამსახური აქანამდის, კვლავ გავლენა გააკვლადე.

762. ,,მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების, ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი ჰკვდების. შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების, – პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების,,.

763. ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი; მოახსენა: ,,მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი, მაგრა რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი! წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი.

764. ,,ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი, ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი! დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?,, ყმამან უთხრა: ,,ვერ წაგიტან რაზომსაცა ცრემლსა ჰღვრიდი.

765. ,,შენგან ჩემი სიყვარული ვითომც არა დამეჯერა! მაგრა საქმე არ მოხვდების, ჟამი ასრე დამემტერა! ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდევ ვინმც მეფერა?! გული დასდევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა!

766. ,,თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად, – არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?! გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად! ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლავვ შეჯერებად!

767. ,,რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს; არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს. ჰხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს, – მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს!

768. ,,მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არა მოვკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად; ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად! მაშ თუ დავთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავჰსთმობ ვისა ვერათ?!

769. ,,აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა; შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა. მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა, ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა.

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფისა მიმართ ოდეს გაიპარა

770. დასჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად: ,,ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად, ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცეხლთა მომდებრისად; შემინდევ და წამატანე მოწყალება ღვთაებრისად.

771. ,,ვიცი, ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა, – კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა; მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა: ,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა,,.

772. ,,რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა? არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

773. ,,წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ? ვით იტყვიან, ვით აქებენ? სცან, ცნობანი მიაფერენ. ,,სიყვარული აღგვამაღლებს,,, ვით ეჟვანნი, ამას ჰჟღერენ, შენ არ სჯერხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

774. ,,ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევა მტერთად, ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა-დაუსაზღვრებს, ჰზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,– იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასა ერთად.

775. ,,რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების. მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი სჭკნების, თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხო რადმე ეშვენების; მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

776. ,,რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა თქვენისა მცნებისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა; აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა? სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!

777. ,,არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა; არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა; წესი არის მამათაგან მოჭირვება, ჭირთა თმენა, არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

778. ,,რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად, გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად; თქვენვე გნახე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად; მას რა ვარგო, ესე ჩემთვის დიდებად და კმარის დავლად.