ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

721. ,,ჰკადრე: ,,ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ მეუზრახემან! ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა სახემან; მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან, გული წამსავე წამიღო, – ვერათ ვერ შევინახე, – მან.

722. ,,აწ, მეფეო, უმისობა ჩემგან ყოლა არ ეგების; გული მას აქვს გულოვანსა, აქა ხელი რა მეხდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხოლმე თვით სახელი თქვენ მოგხვდების; ვერას ვარგებ, გულსა დავდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

723. ,,წასლვა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს; მანვე ჰქმნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენვე დავებრუნდეს. არ მოვბრუნდე, თქვენმცა სუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს,,.

724. კვლავ პირ-მზე ეტყვის ვეზირსა: ,,მე სიტყვა შევამცირეო, აწ, ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო, მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო,,.

725. ვეზირმან უთხრა სიცილით: ,,ქრთამი შენ გქონდეს შენია, შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია; მაგას რა ვკადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია, ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ საწყენია.

726. ,,თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს, შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს; მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს; არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

727. ,,გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათიო? ამიკლებს და ანუ მომკლავს: ,,ეგე სიტყვა ვითა სთქვიო, რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგრეთიო,,. სჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვწვრთიო.

728. ,,თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ! რად გაგიშვან, რად მოსტყუვდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ! შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ!– ეგე ასე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ,,.

729. ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: ,,ჰხამს, თუ დანა გულსა ვიცი; ჰე, ვეზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი, ანუ სხვაცა არ გიჰნახავს მოყვრობა და არცა ფიცი, თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

730. ,,მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს, აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; – ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

731. ,,მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან, აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლი მდიან! სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან, ჭირნი მისგან უნახავნი,დია ვისმე გამოსცდიან!

732. ,,აწ, ვეზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა ჩემი მონაცვალე, ჰხამს გაცვილდეს, არ გატინდეს, ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს, მომეხმარე, ნუ თუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

733. ,,არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად, ვითა მნუკევს, ეგრე დავრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად,,.

734. ვეზირმან სთქვა: ,,შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების, ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების; ზოგჯერ თქმა ჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების,– ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების,,.

735. რა ვეზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შეჰმართა; დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.

736. მეფემან ჰნახა ვეზირი დაღრეჯით დაყმუნვებული. უბრძანა: ,,რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?,, მან ჰკადრა: ,,არა არ ვიცი, მართ ვარ თავისა ვებული, მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმათ ამბავი გაჰკვირვებული.

737. ,,ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს, და არცა დიდობს; მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული ვერ დაჰრიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ჰფლიდობს,,.

738. რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა, კვლავ მოახსენა: ,,რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა, თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა, მართალ ხართ, ჩემთვის რისხვანი თუმცა იანაზდენითა,,.

739. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაუცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა, შეუზახნა: ,,რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა, – ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

740. ,,ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ღადრად. მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ადრად! შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად! აგრე შმაგი არ ვეზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად!