ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

967. ნურადინ-ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა, მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალუც მის, მზისა ოდნად მშვენისა, იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა.”

968. ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე; მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე, რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?” მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.

969. მოახსენეს: “ ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი, მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდფიცხელი, მახვილხრმალი; აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი; ვაჲ, რად დაგვწვენ, უცხომ უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი?”

970. ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულმოკლულნი, ანუ აგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერნაკლულნი! თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვსხედით , არ საპყრულნი! ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი”.

971. იგი წავიდეს; დაბრუნდა ყმა გზასა თავისწინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გულ — რკინასა; მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა, ნარგისნი ქუხან, ცრემლსა სწვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

972. ვინცა გზას ნახნის უცხონი, მსახურებდიან, ჰყმობდიან, მოეხვივნიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან, გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

973. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა; მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, ისვრიან და იზახიან, მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა.

974. კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა, უბრძანა:,, ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?” მან უთხრა: “ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა, იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.

975. მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა, გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა! მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა; ნახვა, მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს ხე ვითა.

976. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა; ყმამან ცხენი შეუტევა, გაამაყდა, არ შეშინდა, შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა, გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.

977. იგი რა ნახეს, მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, ვერცა ჰკადრებდეს: “ვინ ხარო”, ვერცა რას ეუბნებოდეს.

978. მინდორსა შუა გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა; ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა; მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა. ფრიდონს უკვირდა: ,,რა ქმნესო”, მისთა სპათათვის წყრებოდა.

979. ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი, რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?” მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი, დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

980. ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბედ ჩემად რებული. უთხრა:,,არქვი შენს პატრონსა ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული, ძმადფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული”.

981. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად, უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად; ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად; “ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად”.

982. რა “ტარიელ” მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

983. ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა; რა შეხედნა, მან ესე თქვა: “თუ არ მზეო, ისი ვინ -ა?” მას მეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა.

984. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოებით არ დარიდონ; თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ, მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ანუ ყიდონ.

985. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით ვინ ეგებიან! მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიხვდებიან; მზე უჩინოიქს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

986. ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა. დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სვრასა; ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმან ჯრასა, თქვეს: “ასეთი ხორიცელი შეუქმნია, ნეტარ, რასა?”