... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

874. ავთანდილ ბრძანა ჰე ფატმან ვიცი ეს საქმე შენია დაჰკრთები ამა ამბავსა მართ ვითა გველნაკბენია მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია

875. გგონივარ ვინმე ვაჭარი პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა თავადი სპისა დიდისა მათისა შესაგვანისა მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლეზარადხანისა

876. შენ გიცი კარგი მოყვარე ერთგული მისანდობელი მათ უვის ერთი ასული მზე ხმელთა მანათობელი იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი მან გამომგზავნა დავაგდე პატრონი მათი მშობელი

877. რომე შენ ქალი გყოლია მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა მის მზისა მონაცვალისად მისთვის გაჭრილი მინახავს წევს ლომი ფერნამკრთალი სად გამცუდებელად თავისად მის გულისა და ძალისად

878. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისა შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ხშირისა ყორნის ფრთებნაფუშავისა

879. მოდი და ფატმან მეწიე ვეცადნეთ მისსა რგებასა ვუშველოთ იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუთუ კვლა მიხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა

880. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყველაი ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი ვქნათ მისი გამორჩეული ღმერთმან ქნას ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული

881. ფატმან თქვა ღმერთსა დიდება საქმენი მომხვდეს მო რანი დღეს რომე მესმნეს ამბავნი უკვდავებისა სწორანი მოგვარა მონა გრძნეული შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი წა გზანი გისხენ შორანი

882. აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა ფიცხლად დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა მან უთხრა ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი

883. ფატმან სწერს აჰა მნათობო სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორსმყოფთა ყოველთა დამწველო ამაზრზენაო სიტყვამჭევრო და წყლიანო ტურფაო ლამაზენაო ბროლო და ლალო ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო

884. თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვცან მართალი მით გულსა შენთვის ველიე შენთვის ხელქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე ორნივე მიხვდეთ წადილსა იგი ვარდობდესშენ იე

885. მოსრულა შენად საძებრად მისი ძმადშეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი არაბეთს შიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ამბავსა ლაღი ბრძნად გაგონებული

886. ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა ვცნათ ამბავი ქაჯეთისა მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი ან თავადი მათი ვინა

887. რაცა იცი მანდაური მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რამ გაუგზავნე შენი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე ღმერთსა უნდესმოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე

888. წადი უსტარო ისწრაფე თუ მუხლი ჰქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხვდების ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობხარუსტარო გნახვენ დამწველის თვალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე თუ გესმის არ გებრალები

889. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა ესე წიგნი მიართვიო ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა დაიკარგა გარდაფრინდა ბანისბანსა

890. წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდფიცხელისა რა ქაჯეთს შეჰხდა ქმნილ იყო ოდენ ბინდბანდი ბნელისა უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა

891. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირშავი თმაგრძელი ტანნაბდიანი იგი მზე დაჰკრთა ეგონა სამოსი რამე ზიანი შეცვალა ვარდი ზაფრანად ლაჟვარდის ფერად იანი

892. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისა თქვენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქნი მოიცადენ ვარდო ადრე ნუ დასჭნები